გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ ცვლილების ამოქმედებას უკავშირდება. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
რაც შეეხება თავად ცვლილებას, მისი განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.
„ჩვენი ჯგუფები სპეციალური ხელსაწყოებით იქნებიან აღჭურვილი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნება სწრაფი რეაგირების გუნდები, რომლებიც უკვე არსებულ ჯგუფებს დაემატებიან. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეების აქტიურობა. შესაძლოა მივიღოთ ვიდეო-მტკიცებულებები, შეტყობინების სახით, რადგან ყველგან ვერ ვიქნებით. შემოწმება მოხდება მომენტალურად, ადგილზე. დადგინდება რამდენად ნორმაში აქვს ავტომობილს CO და თუ სამართალდაღვევა გამოიკვეთა, შედგება ოქმი. სანქციებს რაც შეეხება, კანონპროექტში გაწერილია, რომ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. 30 დღის შემდეგ განმეორების შემთხვევაში კი სანქციები გასამმაგდება“, – ამბობს კორკოტაძე.
კითხვაზე, რამდენად საკმარისია ჯარიმის ოდენობა და გამოიღებს თუ არა იმ შედეგს, რაც ამ ცვლილებისგან არის მოსალოდნელი, მთავარი ინსპექტორი პასუხობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციას ექნება შემაკავებელი ეფექტი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექინსპექტირების ნაწილიც მუშაობს ქვეყანაში და იქაც ცალკე სანქციები არსებობს. ვფიქრობთ, შემაკავებელი ეფექტი ნამდვილად იქნება“.
კორკოტაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კონტროლი დიდ ქალაქებში განხორციელდება, სადაც ავტომობილების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, ესენია თბილისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დაჯარიმდებიან თუ არა სამარშრუტო ტაქსების, ავტობუსების მფლობელები, ნელი კორკოტაძე პირობას დებს, რომ მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება.