იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის საფასურის დაბრუნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებული საქმე, საქართველოს მთავრობას სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იურისტი ავრცელებს.
„კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. #112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ.
თბილისის საქალაქო სასამართლო (მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი) – 9.03.2022, თბილისის სააპელაციო სასამართლო (მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი) – 15.07.2022.
თანხა ბევრი არ არის მაგრამ #პრინციპი და #კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, – წერს ალაფიშვილი.
ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმის საქალაქო სასამართლოში მოგების შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ეს დავაც წააგო.
იურისტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ დაკისრებული 112-ის ყოველთვიური გადასახადის დაბრუნებას მოინდომებენ, მათ ეს სასამართლოს გზით უნდა შეძლონ, რამეთუ საკითხთან დაკავშირებით პრეცედენტი უკვე შექმნილია და სასამართლო თითოეული საქმის მიმართ დამოუკიდებლად იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.