სმარტფონიდან კომპიუტერამდე, ავტომობილიდან თვითმფრინავამდე – ნახევარგამტარები და ჩიპები თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი რესურსებია, რომელთა გარეშეც ტექნოლოგიური წარმოება და ახალი პროდუქციის შექმნა არათუ უბრალოდ რთული, არამედ შეუძლებელია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე შეიტყო. აქამდე ყველასათვის შეუმჩნეველი და, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული დეტალი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რესურსად იქცა. მისი წარმოებისთვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები კი ევროპისა და აშშ-ის მასშტაბითაც კი ვერ მოიძებნა.
პანდემიით გამოწვეულმა ჩიპებისა და ნახევარგამტარების დეფიციტმა მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვებისა და საწარმოო პროცესების შეფერხება განაპირობა, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია კი სრულად პარალიზებული აღმოჩნდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახევარგამტარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობებისა თუ ტექნიკის წარმოება, ეს შეზღუდვა კი არამარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო სექტორსაც მოიცავს. ნახევარგამტარების გარეშე იმდენად შეუძლებელია iPhone-ისა და ტელევიზორების წარმოება, რამდენადაც Lockheed Martin-ის F-35-ისა და Stinger-ის.
ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, ნახევარგამტარებს უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და თამამად შეგვიძლია, რომ აღნიშნული რესურსი გაზსა და ნავთობსაც კი შევადაროთ, თუმცა წიაღისეული საწვავებისგან განსხვავებით, ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით შეუძლებელია.
ყველაფრის საწყისი წერტილი ქიმიური ნივთიერება სილიციუმია (Si). სწორედ ეს ტეტრავალენტური მეტალოიდი გამოიყენება ნახევარგამტარების, ანუ იმ მოწყობილობების დასამზადებლად, რომელთაც ტემპერატურის ზრდის მიხედვით ელექტროენერგიის გატარების უნარი აქვთ. უშუალოდ ნახევარგამტარები კი შემდგომ კომპიუტერული ჩიპების, პროცესორების, გადამცემებისა და სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების დასამზადებლად გამოიყენება.
ნახევარგამტარების სტრატეგიულ მნიშვნელობას უკვე დიდი ხანია არა მარტო ეკონომისტები და მეცნიერები, არამედ პოლიტიკოსებიც აღიარებენ და ამ მიმართულებით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობენ. მაგალითად, აშშ-ის კონგრესი ამჟამად ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ნახევარგამტარების ინდუსტრიის განვითარებას და ჩიპების წარმოების სექტორში 52 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ისახავს მიზნად – აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც სახელმწიფო გრანტებსა და სუბსიდიებს, ასევე შეღავათიან სესხებსა და თანადაფინანსების შესაძლებლობებს.
ამავე მიმართულებით ევროკავშირმა „ციფრული დამოუკიდებლობის“ სტრატეგიაც წარადგინა, რომელიც ჩიპების წარმოებას ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ასახელებს და მინიმუმ $12-მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
ეროვნულ უსაფრთხოებასა და ნახევარგამტარებს შორის პირდაპირი კავშირის დანახვა საკმაოდ მარტივია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ რესურსის გარეშე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის წარმოება შეუძლებელია. გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური დაპირისპირების შემთხვევაში, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ფრონტზე სწორედ ის მხარე მიიღებს უპირატესობას, რომელსაც ნახევარგამტარებისა და ჩიპების წარმოებაზე ყველაზე დიდი გავლენა ექნება – აღნიშნული ძალაუფლება კი, უმეტესწილად, ამჟამად აზიის რეგიონშია კონცენტრირებული, პოლიტიკურად საკმაოდ არასტაბილურ ზონაში.
პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია – TSMC
ნახევარგამტარების სექტორში ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი კომპანია ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტი Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ია (TSMC).
1987 წელს დაფუძნებული TSMC ქვეყნის მასშტაბით 65,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის თითქმის 55%-ს აკონტროლებს, რაც აღნიშნულ კომპანიას უდიდეს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.
TSMC-ის მნიშვნელობა მხოლოდ მისი საწარმოო შესაძლებლობებით არ გამოიხატება, ის მსოფლიოს რიგით მე-11 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 433 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თავად ტაივანის მთლიანი შიდა პროდუქტის 65%-ია. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ TSMC-ის ისეთივე მნიშვნელობა აქვს ტაივანისთვის, როგორიც Aramco-ს საუდის არაბეთისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნავთობსა და ნახევარგამტარებს შორის არსებულ მსგავსებას.
გლობალური ეკონომიკისთვის Taiwan Semiconductor-ის კოლოსალურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ კომპიუტერული ჩიპების, პროცესორებისა და ვიდეობარათების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების საქმიანობა პირდაპირაა დამოკიდებული TSMC-ის მიერ ნახევარგამტარების მიწოდებაზე. ტაივანურ გიგანტზე დამოკიდებულ კომპანიებს შორისაა: Apple-ი, Qualcomm-ი, AMD, MediaTek-ი, Nvidia, Sony, Broadcom-ი, Intel-ი და Marvell Tech-ი.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კომპანია TSMC ჩინეთის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, მარტივი წარმოსადგენია ისეთი სცენარის განვითარება, რომელშიც TSMC-ის საწარმოო პროცესი შეფერხდება ან სულაც შეჩერდება, რასაც გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე უაღრესად ნეგატიური, შეიძლება ითქვას, დამანგრეველი ეფექტიც კი ექნება.
სწორედ აღნიშნული მოცემულობაა იმის განმაპირობებელი, რომ ამჟამად ამერიკელი თუ ევროპელი კანონმდებლები ნახევარგამტარების სფეროს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებენ და ამ სფეროში მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავენ.
ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი
პანდემიურ პირობებში მსოფლიო მოსახლეობის დისტანციურ რეჟიმზე გადართვამ კომპიუტერულ მოწყობილობებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომლის სათანადოდ დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისა და ქარხნების საწარმოო შესაძლებლობები მსგავს აპოკალიფსურ სცენარებზე გათვლილი არ იყო.
ჩიპებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი პანდემიის პერიოდში კრიპტოვალუტების ბირჟის აღმასვლაცაა. ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოაქტივების ღირებულებამ მოკლე პერიოდში თითქმის 500%-ით მოიმატა, რამაც, თავის მხრივ, კრიპტოვალუტის მაინერებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ბირჟის აღმასვლის პარალელურად, მაინინგ ინდუსტრია რეკორდული ტემპით გაიზარდა, ისეთი მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობების დასამზადებლად კი, როგორიც ASIC და GPU მაინერებია, დიდი რაოდენობით ნახევარგამტარებია საჭირო. საგულისხმოა, რომ პანდემიის პერიოდში მაინინგით არა მარტო კერძო პირები, არამედ მსხვილი კომპანიებიც დაინტერესდნენ, რომლებმაც საერთაშორისო ბაზრებიდან მილიონობით ერთეული ვიდეობარათი, კომპიუტერი და მაინერი შეისყიდეს.
იყო თუ არა ჩიპების დეფიციტი გარდაუვალი?
მსოფლიო მასშტაბით ელექტრონულ მოწყობილობებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებით მზარდია ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის დაფარვის არეალი თანდათან იმატებს, მოსახლეობა კი სულ უფრო მეტად ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრონული მოწყობილობების ინტეგრირებას.
მზარდი მოთხოვნის ფონზე, ბუნებრივია, მიწოდებაც უნდა იზრდებოდეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნახევარგამტარების წარმოება უაღრესად მაღალტექნოლოგიურ სფეროს მიეკუთვნება, რომელიც, ამავდროულად, კაპიტალ-ინტენსიურია. ეს იმას გულისხმობს, რომ აღნიშნულ ბაზარზე შესვლისათვის დიდი რაოდენობის კაპიტალის და მაღალკვალიფიციური მუშახელის მოზიდვაა საჭირო, რომელიც, თავის მხრივ, დეფიციტურია. აქვე უნდა ითქვას, რომ ნახევარგამტარების წარმოების სექტორში სტარტაპები და დამწყები კომპანიები პრაქტიკულად არ გვხვდება, რადგან TSMC-ის, Qualcomm-ის, Intel-ისა და Nvidia-სათვის პირდაპირი კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, გლობალური ბრენდები კი გამოუცდელ კომპანიებთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი პროდუქტის წარმადობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიწოდებული ჩიპის ხარისხზე.
აქვე უნდა აღინიშნოს ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაციის ტენდენციაც. როგორც წესი, ერთი საშუალო ავტომობილის წარმოება 1,000-მდე ნახევარგამტარსა და 150-მდე კომპიუტერულ ჩიპს საჭიროებს, ელექტრომობილების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი ორჯერ და სამჯერაც კი მეტია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ნახევარგამტარებზე მოთხოვნასაც, რომლის დასაკმაყოფილებლად საწარმოო შესაძლებლობები მოთხოვნის შესაბამისად არ იცვლება, რასაც გარდაუვალი გლობალური დეფიციტისკენ მივყავართ.
ცხადია, კოვიდპანდემია ჩიპების დეფიციტის დამაჩქარებელ ფაქტორად იქცა, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობა მრავალწლიანი პრობლემა იყო. აზიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვამ კი, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკა ნახევარგამტარების უმწვავესი კრიზისის წინაშე დააყენოს, რომლის მარტივად გადაჭრის გზები პრაქტიკულად არ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობისგან განსხვავებით, ნახევარგამტარების ალტერნატივის მოძებნა შეუძლებელია, რუსეთის საუდის არაბეთითა თუ ვენესუელით ჩანაცვლების სტრატეგია კი ტაივანის შემთხვევაში არ გაამართლებს. რუსეთს არასდროს ჰქონია ისეთი გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე, როგორიც ტაივანს ტექნოლოგიურ ბაზარზე აქვს.