საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე განმარტავს, თუ როგორ აპირებს სააგენტო ინფლაციისგან საპენსიო დანაზოგების დაცვას. მან სამი ინსტრუმენტი გამოყო, რისი საშუალებითაც სააგენტოს ინფლაციის დაზღვევა სურს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ საინვესტიციო პერიოდის ბოლოს, ინფლაცია მაქსიმალურად დაძლეული იყოს. ეს შესაძლებელია მხოლოდ გლობალური დივერსიფიკაციით, მაღალი საპროცენტო განაკვეთის შეძენით, რასაც ვაკეთებთ და ასევე ინფლაციაზე მიბმული ინსტრუმენტებით. ჩვენი აზრით ინფლაციაზე მიბმული ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთი და მასზე მიბმული ანგარიშები ჩვენს პორტფელშია”, – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
რაც შეეხება ინფლაციის დასტაბილურებას, სააგენტოში ამას წლის ბოლოდან ელოდებიან: “ჩვენი მოლოდინია, რომ მესამე-მეოთხე კვარტალში, ყველა თანაბარ პირობებში, ერთნიშნა ინფლაცია იქნება”.
ინფორმაციისთვის, საპენსიო დაგროვებით სისტემაში მილიონ 270 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. წელიწადნახევრის განმავლობაში მოქალაქეების დაგროვილი საპენსიო თანხები ბანკებში, დეპოზიტებზე იდო და სარგებელი ერიცხებოდა, თუმცა საპენსიო სააგენტომ უკვე 2 თვეა ინვესტირება უცხოურ აქტივებშიც დაიწყო. ამ საქმეში საპენსიო სააგენტოს JP Morgan-ი ეხმარება. როგორც დღეს, საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა, საპენსიო დანაზოგების 16% უცხოურ აქტივებში უკვე ჩაიდო.