საბავშვო ანაბარი – ეს საბანკო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია მსოფლიოში. დეპოზიტის ეს სახეობა უკვე წლებია, რაც პოპულარულია საქართველოშიც. საბავშვო ანაბარი ხომ მშობლებს შვილისთვის გარკვეული თანხის დაგროვებაში ეხმარება, რასაც შემდგომ უკვე განათლებას ან სხვა ნებისმიერ საჭიროებას ახმარს.
საბავშვო ანაბარი გრძელვადიანი ანაბარია, მისი მინიმალური ვადა 2 წელია, მაქსიმალური კი 18 წელი. შესაბამისად, შეგიძლიათ ანაბარი გახსნათ ბავშვის დაბადებისას და გამოიტანოთ თანხა სარგებლით, როდესაც თქვენი შვილი უკვე 18 წლის გახდება.
საბავშვო ანაბრის გახსნა საქართველოს ბაზარზე მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკშია შესაძლებელი. თანხის განთავსება კი შეგიძლიათ როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე დოლარში, ფუნტსა და ევროში.
რა წესები მოქმედებს და როგორია საპროცენტო განაკვეთები?
საბავშვო ანაბრის გახსნა შეუძლია ბავშვის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს;
ანაბრის გახსნა უფასოა. კომერციული ბანკების ნაწილში საბავშო დეპოზიტის გახსნა შესაძლებელია 10 ლარიდან/10 ევროდან/10 დოლარიდან/10 ფუნტიდან. ზოგიერთ ბანკში მინიმალური თანხა 50 ერთეულს შეადგენს. ზოგან კი მინიმალური შენატანი ასეა განსაზღვრული – 1300 ლარი, 500 აშშ დოლარი/ევრო;
თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შენატანის მინიმალური/მაქსიმალური ოდენობა კი ყველა ბანკში შეუზღუდავია;
სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველწლიურად (ყოველწლიურად დარიცხული სარგებელი ძირ თანხას ემატება, შემდეგ კი ჯამურ თანხაზე ხდება მომდევნო წლის სარგებლის დაანგარიშება);
წლიური საპროცენტო განაკვეთები ლარში არის საშუალოდ 7,5%-12,35%, ევროში – 1,4%-2,5%, დოლარში – 1,4-3%, ფუნტში – 0,75%;
ანაბრის თანხას ბავშვი მას შემდეგ მიიღებს, როცა მას 18 წელი შეუსრულდება. თუმცა თუ მანამდე დეპოზიტიდან თანხის გატანას გადაწყვეტთ, აუცილებელია ბანკის ფილიალში ორივე მშობლის (კანონიერი მეურვის) ვიზიტი და თანხმობა;
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვადამდე დარღვევის შემთხვევაში ანაბარს ერიცხება სრული საპროცენტო სარგებელი ყოველ შესრულებულ წელზე;
საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, შენატანების გაკეთების გრაფიკი განსაზღვრული არ არის.