სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ორი კვარტლის ავიაციის აღდგენის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის 6 თვეში მესტიის აეროპორტი 3212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ამბროლაურის აეროპორტს, 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას.
2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის 6 თვეში აეროპორტი ჯამში 4 997 მგზავრს მოემსახურა.
2022 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტები 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.