Home დღის ამბები ეკონომიკა რეგიონებში პურის მწარმოებლები გაზს განსხვავებული ტარიფით მიიღებენ – გავრცელდება თუ არა შეღავათები...

რეგიონებში პურის მწარმოებლები გაზს განსხვავებული ტარიფით მიიღებენ – გავრცელდება თუ არა შეღავათები თბილისში

2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.

,,სოკარში“, რომელიც გაზით რეგიონებს ამარაგებს,  განაცხადეს, რომ მასობრივი პურის მწარმოებლებისათვის ტარიფი შეღავათიანი იქნება და მათ გაზი 1.15 თეთრად მიეწოდებათ.

რაც შეეხება დედაქალაქის გაზგამანაწილებელ ,,თბილისი ენერჯის“, მისი კომერციული დირექტორი, ედიშერ ხორავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას მსგავსი შეღავათის დაწესების საშუალება არ აქვს. შესაძლებლობისთანავე კი, ამას სიამოვნებით გააკეთებენ.

„ჩვენ, როცა 1-ლი ივლისიდან კომერციული გაზის გაძვირებაზე გავაკეთეთ განცხადება, იქაც ვახსენეთ, რომ წლების განმავლობაში, ჩვენი სურვილით, ყოველგვარი სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, ისედაც გვქონდა შეღავათი დაწესებული მასობრივი პურის მწარმოებლებისთვის. ეს ხდებოდა მხოლოდ კომპანიის ხარჯზე, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით პანდემიის დროს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ამას დაემატა ვალუტის გაუფასურება. მოგეხსენებათ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა ფასი ენერგო მატარებლებზეც. შესაბამისად, ამ ეტაპზე კომპანიას აღარ დარჩა იმის რესურსი, რომ გააგრძელოს პურის საწარმოების სუბსიდირება, მაგრამ ჩვენ ცხადია სურვილი გვაქვს და შესაძლებლობისთანავე ჩვენ გადავხედავთ გადაწყვეტილებას და შევცვლით, შეღავათიანს გავხდით ტარიფს. 2, 3, 5 თვეში შეიძლება ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. როცა გვქონდა რესურსი, სიამოვნებით ვაკეთებდით ამას“, – განაცხდა ხორავამ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სუბსიდირების საკითხი სახელმწიფოსგან, ედიშერ ხორავა ამბობს, რომ ამ ეტაპამდე მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა კომპანია მიესალმება მსგავს გადაწყვეტილებებს.