Home დღის ამბები ეკონომიკა რა შემთხვევაში აღარ გაიზრდება ფასები – დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

რა შემთხვევაში აღარ გაიზრდება ფასები – დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

დახლზე ფასების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ლარის კურსი დამაბალანსებელი ფაქტორია, თუმცა ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ გაზრდილი თვითღირებულებისა და ლოჯისტიკის მაღალი ფასის გამო – ამის შესახებ  ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

„ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რით არის გამოწვეული ლარის გამყარება. ეს არის, გადმორიცხვების კოლოსალური ზრდა რუსეთის ფედერაციიდან. ასევე, ამის ხარჯზე გაზრდილია მოხმარება განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტზე. ყველაზე მნიშვნელოვანია და ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, რატომ არ იაფდება სურსათი, ლარის გამყარების პარალელურად. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ლარი თავისებურად ამოუცნობ ობიექტად იქცა. გვინახავს წინა წლებში, 40 პუნქტით გამყარებული ლარი და მერე, ისევ უცებ გაუფასურებული.

ჩვენ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე დავაკვირდებით ტრენდს. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდა 2.70-2.80-ის ფარგლებში, ეს დადებითად აისახება ფასებზე, ანუ მეტად აღარ გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ პროდუქციის ფასი მხოლოდ კურსით არ არის განპირობებული. საერთაშორისო ბაზარზე, მკვეთრი მატებაა. სურსათზე 20-დან 40-%-მდე იყო გაზრდილი თვითღირებულება. ლოგისტიკის ნაწილში კი, 50-დან რიგ შემთხვევაში 150-200%-მდეც კი ადიოდა ზრდა.

დახლზე ფასების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ლარის კურსი დამაბალანსებელი ფაქტორია“, – განაცხადა ჭყონიამ.

ინფორმაციისთვის, ლარი მიმდინარე წლის მარტის შემდეგ, გამყარების ტრენდს ინარჩუნებს.