თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, რომელიც ღვინის სექტორს ეხება, 2017 წლიდან 2019 წლამდე ქართული საექსპორტო ღვინის ფასი იზრდებოდა.
პანდემიამ და ასევე შედარებით იაფ ბაზრებზე ფოკუსირებამ 2020 წელს ღვინის საშუალო ფასი შეამცირა. გასულ წელს რუსეთისა და უკრაინის წილი ღვინის ექსპორტში 66%-ს შეადგენდა. 2020 წლიდან ამ ბაზრებზე ღვინის ფასი იკლებდა, რაც ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეც აისახა.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციითვე, ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაში, აშშ-სა და გერმანიაში ღირს. 2021 წელს საექსპორტო ბაზრებზე ღვინის ფასი წლიურად გაიზარდა. შედეგად, ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა უკრაინაში 2.62 დოლარი შეადგენდა, რუსეთში ღვინის საშუალო ფასი 2.76 დოლარი იყო. ყველაზე ძვირად საქართველოში წარმოებული ღვინო იაპონიაში იყიდება და ლიტრის საშუალო ფასი 7 დოლარს აღწევს. რაც შეეხება ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს აქ ლიტრის საშუალო ფასი 2.78-დან 3.28 დოლარს შორის მერყეობს. ჩინეთში ლიტრის საშუალო ფასი 3.73 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ში – 6.38 დოლარს.