საქართველოში კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ფასი 77 თეთრს შეადგენს (2021 წლის ფასი). საინტერესოა, როგორია ფასები ევროპაში. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სექტორის შესახებ ანგარიში, რომელშიც 27 წევრ ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები არის ასახული. ანგარიშში ევროკავშირში 1 გიგაბაიტის ფასის მიხედვით, ქვეყნები 4 კლასტერში არიან დაჯგუფებული, სადაც ფასები უშუალოდ 1 გიგაბაიტის ინტერნეტ პაკეტის შეძენაზე 3.22 ევროდან იწყება და 14.69 ევრომდე მერყეობს.
ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომი რუმინეთში, სლოვენიაში, შვედეთში, ესპანეთში, პოლონეთსა და ესტონეთშია.
შედარებით ხელმისაწვდომი ფასი (საშუალოდ 4.69 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში – ნიდერლანდებში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში.
შედარებით ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 8.88 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში – ბელგიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში და ხორვატიაში.
ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 14.69 ევრო) 1გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში ლატვიაში, დანიაში, უნგრეთში, მალტაში, კვიპროსსა და ჩეხეთში.
1GB ინტერნეტის პაკეტის ფასები ევროკავშირში:
ხელმისაწვდომი ჯგუფი – 3.22 ევრო;
შედარებით ხელმისაწვდომი ჯგუფი – 4.69 ევრო;
შედარებით ძვირადღირებული ჯგუფი – 8.88 ევრო;
ძვირადღირებული ჯგუფი – 14.69 ევრო
აღნიშნულ სტატისტიკაში საუბარია უშუალოდ 1 გიგაბაიტი ინტერნეტის პაკეტის შეძენაზე და არა ისეთ პაკეტზე, რომელიც მრავალ გიგაბაიტს მოიცავს. შედარებისთვის 20 გიგაბაიტის და პლიუს 100 ზარის ფასი ყველაზე ხელმისაწვდომ ჯგუფში საშუალოდ 1 ევროა, ხოლო ყველაზე ძვირ ჯგუფში 45.95 ევრო.