საქართველოს 2022 წლის 4 ივლისიდან მომავალი წლის 4 ივლისამდე ქვეყნიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.
რა რაოდენობის ხორბალი და ქერი გააქვს საქართველოს ექსპორტზე:
2021 წელს საქართველოდან 2 357 ტონა (612 ათასი დოლარის) ღირებულების ქერი გავიდა (ადგილობრივი ექსპორტი). აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა ერაყში – 1 195 ტონა (337,6 ათასი დოლარის ღირებულების). მეორე ადგილზეა თურქეთი – 733 ტონა (169,3 ათასი დოლარის), მესამეზე კი საუდის არაბეთი – 159 ტონა (40,9 ათასი დოლარის ღირებულების).
რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ექსპორტს, შარშან ქართული ხორბალი 3 ქვეყანაში გაიყიდა:
სომხეთი – 1 468 ტონა (365,4 ათასი დოლარი)
თურქეთი – 49,4 ტონა (16,7 ათასი დოლარი)
უკრაინა – 40 ტონა (10,8 ათასი დოლარი)
ჯამში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 1 557 ტონა ხორბალი, სულ 393 ათასი დოლარის ღირებულების.