საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასების ზრდა ბიუჯეტის ხარჯებს 250 – 300 მილიონით გაზრდის.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ხელფასების ყოველწლიური ზრდა უნდა მოხდეს იმ პრინციპით, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.
ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში 2023 წლიდან დაიწყება. 2023 წლისთვის საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება 7,1%-ით და განისაზღვრება 1 180 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტიდან შტატით გათვალისწინებული პირების სახელფასი ხარჯი დამატებით 250 მლნ ლარი იქნება. მათ შორის:
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი ხარჯი – 200,0 მლნ ლარი; მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დამატებითი ხარჯი – 50,0 მლნ ლარი;
„2024-2026 წლებში, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფონდი დამატებით გაიზრდება წლიურად საშუალოდ 250-300 მლნ ლარის ფარგლებში“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები ჯამში 378 მილიონი ლარით იზრდება და ის 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო წელს 112,852 იქნება.
„საქსტატის“ უკანასკნელი ინფორმაციით, საჯარო სექტორის საშუალო ხელფასი თვეში 1024 ლარს შეადგენს, ხოლო არასახელმწიფო სექტორის საშუალო ანაზღაურება 1,284 ლარია.