2022 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი ამოქმედდა. კანონი მაღაზიებს და სერვისის მიმწოდებლებს მთელ რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითად, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს. მოვაჭრე ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა გარდა მიწოდების ხარჯებისა. რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. ბიზნესსუბიექტი ასევე ვალდებული იქნება, პროდუქტზე მიუთითოს მის შესახებ ინფორმაცია: დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტისაა თუ მასში მოიაზრება მონტაჟი ან გადაზიდვა და ა.შ.
ახალი კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კონკურენციის სააგენტოს დაეკისრა, რომელმაც მომხმარებელთა განაცხადების მიღება ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა უწყებას მიმართა კითხვით თუ რა სამუშაოები ჩატარდა იმისთვის, რათა ნოემბრიდან შესაბამისი მონიტორინგი დაიწყოს. ორგანიზაციის პასუხით, მათ ამ მიმართულებით 10 თანამშრომლის დამატება აქვთ დაგეგმილი. 2023 წელს ახალ დეპარტამენტზე 827 ათასი ლარი არის გათვალისწინებული.
კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის მომხმარებლის ამ კანონით დადგენილი უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტს. საქმის შესწავლის მიზნით, სააგენტო განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას). თუ კომპანიამ შესაბამისი ინფორმაცია არ გადასცა სააგენტოს, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
“მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის მიმდინარე წლის მანძილზე გათვალისწინებულია ჯამში – 237 500 ლარი, მათ შორის, 10 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება, 6 თვეში – 146 000 ლარი, ხოლო მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა- 91 500 ლარი; როგორც აღინიშნა, 2023 წლიდან კიდევ დამატებით მოხდება 10 თანამშრომლის აყვანა. შესაბამისად, 2023 წელს დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება ჯამში – 827 000 ლარი, მათ შორის: შრომის ანაზღაურებისთვის – 604 000 ლარი, ხოლო ახალი 10 თანამშრომლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისთვის – 223 000 ლარი;
კანონქვემდებარე აქტი სააგენტომ უნდა მოამზადოს და მიიღოს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, რათა 1 ნოემბრიდან დაიწყოს კანონის აღსრულებისა და განცხადებების მიღება-განხილვის პროცესი. ამ მიმართულებით იგეგმება სააგენტოში 1 ივნისს დაწყებული ევროკავშირის დახმარების პროექტის (ე.წ. „ტვინინგის პროექტი“) ექსპერტების აქტიური მონაწილეობა, რათა ნორმატიული აქტი პასუხობდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეყრდნობოდეს ევროპის კოლეგა უწყებების გამოცდილებას. ამ კუთხით, „ტვინინგის პროექტის“ აქტივობები გაწერილია აგვისტო-სექტემბრის პერიოდისათვის და ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მომხმარებლის უფლებების დაცვის ახლად დაკომპლექტებული დეპარტამენტის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე, სააგენტო ცდილობს, მის ხელთარსებული ყველა შესაძლო საშუალებით (მათ შორის, სატელევიზიო ინტერვიუები, რეპორტაჟები, ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება, სატელეფონო და წერილობითი კონსულტაციები) მოახდინოს მოვაჭრეთა და მომხმარებელთა ინფორმირება კანონით მათთვის დაკისრებული უფლებამოვალეობების შესახებ,” – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განმარტებაში.