Home დღის ამბები ეკონომიკა რა არის “შრინკფლაცია” და რატომ მცირდება პროდუქტების ზომები?

რა არის “შრინკფლაცია” და რატომ მცირდება პროდუქტების ზომები?

მიმდინარე წელს მსოფლიო სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდის წინაშეა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმს აღწევს; თურქეთსა და შრი-ლანკაში კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ინფლაცია რეკორდულ 80%-იან ნიშნულზეა.

ფასების ცვლილებას მომხმარებელი საკმაოდ მარტივად ამჩნევს, რადგან რჩეული პროდუქტის გაძვირება ყურადღების მიღმა იშვიათად თუ რჩება. ამის შესახებ მწარმოებლებმაც იციან, თუმცა რადგან ნედლეულ რესურსებზე და წარმოების ფაქტორებზე ფასები იზრდება, ისინი მაინც იძულებულნი არიან გარკვეული ცვლილებები განახორციელონ. ზოგადად, პროდუქტის გაძვირებას მომხმარებლის მხრიდან თითქმის ყოველთვის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვება, სწორედ ამიტომ მწარმოებლები ამ ფაქტის დამალვას და პროდუქციის ალტერნატიული გზებით გაძვირებას ცდილობენ.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მომხმარებელი ფასის ცვლილებას უფრო ადვილად ამჩნევს, ვიდრე ნაყიდი პროდუქტის წონისა და მოცულობის ცვლილებას. მწარმოებლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი პროდუქციის ზომის შემცირებით და იგივე ფასის შენარჩუნებით, ისინი ფაქტობრივად ზრდიან პროდუქტის ფასს ისე, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ცვლილებას ვერ ამჩნევს და, შესაბამისად, უკმაყოფილოც არ რჩება. ეკონომისტებმა ამ ფენომენს “შრინკფლაცია” უწოდეს.

აღნიშნული საკითხი ძირითადად კვების და სასმელ პროდუქტებს ეხება, რადგან მათ ყველაზე მარტივად ცვალებადი ზომები აქვთ. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო იუწყება, რომ გასულ წელს სურსათის ფასების ინდექსი 12,2%-ით გაიზარდა, ხოლო გარე საკვები პროდუქტების 7,7%-ით.

გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის სტატისტიკა პროდუქციის ზომის შემცირებას, უმეტესწილად, არ ასახავს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად მომხმარებლები ფასების კიდევ უფრო დიდი ზრდის წინაშე არიან, ვიდრე ეს ინფლაციის მაჩვენებლით აისახება.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ოფისმა გამოთვალა იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც 2015-2017 წლებში ზომაში შემცირდა. საშუალოდ, თვეში 40 დასახელების პროდუქტი ზომაში მცირდებოდა, ანუ შრინკფლაციას განიცდიდა.

საშუალოდ, გაერთიანებული სამეფოში ინფლაცია დღეს 2015-2017 წლების მაჩვენებელთან შედარებით 7-ჯერ მეტია. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ კომპანიები გაზრდილი ხარჯების გამო უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ არიან და უფრო მეტად ცდილობენ თავიანთი პროდუქციის ზომაში შემცირებას.

კომპანიები ხშირად ცდილობენ პროდუქციის ზომა ნელ-ნელა შეამცირონ ან უფრო კრეატიულ მეთოდს მიმართონ – შეფუთვა განაახლონ, რათა ცვლილება შესამჩნევი არ იქნეს. Gatorade-მა ცოტა ხნის წინ ბოთლის დიზაინი შეცვალა, ამავდროულად ტევადობა 12.5%-ით შეამცირა. კომპანიის განმარტებით, ცვლილებამ ბოთლის ერგონომიკულობა გააუმჯობესა და იგი ხელში უფრო ადვილად დასაჭერი გახადა. ხელსახოცებისა და ერთჯერადი ქაღალდების მწარმოებელი კომპანიებიც თავიანთი პროდუქციის მოცულობას ხშირად ამცირებენ, რადგან მომხმარებელი ხშირად 65-დან 60-მდე (-8%) ქაღალდის შეფუთვაში ცვლილებებს ვერ ამჩნევს, რასაც მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კომპანიებისთვის, როგორიცაა Kleenex. აგრეთვე, Pringles-ის შეფუთვის ცვლილების შემდეგ, მოცულობა 165 გრამიდან 134 გრამამდე (-18%) შემცირდა. Snickers-ის ბარი, ადრე 58 გრამი იყო, ახლა კი 48 გრამია (-17%), ხოლო Doritos-მა მოცულობა 5%-ით შეამცირა. Toblerone-ის წონა კი 400 გრამიდან 360 გრამამდეა შემცირებული (-10%).

შრინკფლაციის ტენდენცია მხოლოდ მაღაზიების დახლებზე განთავსებულ პროდუქციაზე არ ვრცელდება. Yelp-ის ცნობით, სარესტორნო დაწესებულებების მიერ საკვების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებული მიმოხილვები 30%-ით გაიზარდა. ამის მაგალითია Domino, რომელმაც თავისი ცნობილი 10-ნაწილიანი მენიუ 8-მე შეამცირა (-20%).

ზემოხსენებული მაგალითების დიდი ნაწილი აშშ-ის და ევროპის სტატისტიკური სამსახურების მონაცემებზეა დაფუძნებული. თუმცა იგივე პრინციპები მოქმედებს მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ზომის პროცენტული კლება პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს იმავე პროპორციით ფასის ზრდად, რადგან როდესაც კომპანიები პროდუქციის ზომას და მოცულობას ამცირებენ, ისინი ძირითადად იგივე ფასს ინარჩუნებენ, თუმცა ამით რეალურად პროდუქციას აძვირებენ.