“თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ცდაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი დაეშვა, თუმცა კაპიტანს კვლავ აფრენა მოუწია.
ბერბოკის თვითმფრინავი პირველ ცდაზე ვერ დაჯდა, რადგან ასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. კაპიტანმა დაჯდომა მეორე ცდაზე შეძლო”, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა “შპიგელი” წერს.
გამოცემის ცნობით, მეორე ცდაზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამთავრობო თვითმფრინავი ინციდენტის გარეშე დაეშვა.თბილისის დროით დაახლოებით 23:20 საათზე, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო.
ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერბოკს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვდა.