Home დღის ამბები ეკონომიკა რას წარმოადგენენ საერთაშორისო IT კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ

რას წარმოადგენენ საერთაშორისო IT კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ

საქართველო IT მიმართულებით ჰაბი ხდება და ქვეყანაში სულ უფრო მეტი IT კომპანია შემოდის. ამის შესახებ სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში,“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა  განაცხადა.

საერთაშორისო IT კომპანიები საქართველოში ოპერირებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 2020 წელს მთავრობამ გარკვეული დარგის, მათ შორის IT კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ით დაწია. მთავრობის დადგენილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT-კომპანიები ქვეყანაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ და საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ნაცვლად 15%-ს იხდიან.

„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე ოპერირებს 4 უცხოური IT კომპანია.

გთავაზობთ, თუ რომელი კომპანიები შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე და როგორია ამ კომპანიების ისტორია:

Viber

ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისში საოპერაციო ოფისის გახსნას Viber-ი გეგმავს, რა მიზნითაც მარტის ბოლოს Viber-ის მთავარი საოპერაციო მენეჯერი, ოფირ ეიალი ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განცხადებაში წერია, რომ Viber-ის თბილისის ოფისი ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების, ასევე, iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე.

Viber იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის, Rakuten-ის საკუთრებაა. Rakuten-მა მობილური საკომუნიკაციო აპლიკაცია Viber-ი 2014 წელს 900 მლნ დოლარად შეიძინა. იაპონური ინტერნეტსერვისების ლიდერის, RakutenGroup-ის შემადგენლობაში RakutenViber მსოფლიოში 500 თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიას ოფისები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში აქვს გახსნილი.

მიმდინარე წლის იანვარში Rakuten-ის საბაზრო ღირებულებამ 8,46 მლრდ დოლარი შეადგინა.

Exadel

2020 წლის მაისში საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია Exadel შემოვიდა. კომპანია დეველოპერის ხელსაწყოებიდან, ჩარჩოებიდან, ბიბლიოთეკებიდან და დანამატებიდან დაწყებული, სერვისის პაკეტებს ავითარებს. Exadel-ის გადაწყვეტილებები სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს აჩქარებს და საბოლოოდ პროდუქტის ხარისხს ზრდის.

Exadel 1995 წელს კალიფორნიაში დაარსდა, თუმცა სერიოზულ ბინზესს 1998 წლიდან იწყებს, როცა კალიფორნიის კონკორდში პირველი კორპორატიული შტაბი გახსნა. იმავე წლის იანვარში Exadel გაფართოვდა და მოსკოვში თავისი პირველი ოფშორული განვითარების ცენტრი გახსნა. 1999 წელს გამოვიდა EXADEL Framework, რომელიც J2EE-ზე დაფუძნებული დიდი და რთული ვებაპლიკაციების სწრაფად შესაქმნელად მზა კომპონენტების ფართო სპექტრს წარმოადგენს. 2003 წელს Exadel განვითარების ახალ ცენტრს მინსკში ხსნის. მინსკის ოფისი დროთა განმავლობაში გაიზარდა და სამი ცალკეული ოფისით ბელარუსის დედაქალაქი ამჟამად Exadel-ის თანამშრომლების ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილია, სადაც Exadel-ის საერთო პერსონალის, დაახლოებით, ნახევარი მუშაობს.

2004 წელს Exadel უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში, ხოლო 2014 წელს ლიეტუვაში, ვილნიუსში ხსნის ოფისს. 2018 წელს Exadel-ის პრაქტიკის ორგანიზაცია (Exadel Practices Organization) დაარსდა, რომელიც შესაბამის სფეროებში ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს იკვლევს და ახალი ოპერაციული ერთეულებით კლიენტებს სპეციალიზებულ სერვისებს, ხელსაწყოებსა და გადაწყვეტილებებს აწვდის. 2019 წლიდან Exadel დრეზდენის ახალი ოფისით უკვე გერმანიაშია. 2020 წელს კომპანიის განვითარების ცენტრი ჯერ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, იმავე წლის მაისში კი თბილისში დაარსდა. 2021 წელს Exadel სამხრეთ ამერიკაში შედის და ოფისებს კოლუმბიასა და არგენტინაში ხსნის.

ამჟამად კომპანია სამ კონტინენტზე 2000-ზე მეტ თნამშრომელს აერთიანებს. იანვარში კომპანიამ 35%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა. Exadel-ის წლიური შემოსავალი 266,1 მლნ დოლარია, ხოლო ერთ თანამშრომელზე სავარაუდო შემოსავალი 203,000 დოლარს შეადგენს.

EPAM

ამერიკული IT კომპანია, EPAM საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში შემოვიდა და 30-მდე თანამშრომელი ჩამოიყვანა. EPAM პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანიაა, რომელიც 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა დააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს, მოგვიანებით კი ამ სიას ევროპისა და აზიის ქვეყნები დაემატა.

ამ დროისთვის EPAM-ის შტაბ-ბინა პენსილვანიის შტატში, ნიუთაუნში მდებარეობს. კომპანიას ფილიალები დედამიწის 4 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გახსნილი. დღესდღეობით კომპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36,700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

შემოსვლიდან ორ თვეში, 2021 წლის იანვრიდან EPAM-მა ქართულ ოფისში 70-მდე თანამშრომელი დაასაქმა.

2022 წლის ივნისის მდგომარეობით, EPAM Systems-ის საბაზრო ღირებულებამ 18,09 მლრდ დოლარი შედგინა.

Godel Technologies

გასულ კვირას მთავრობის საქმიანობის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბრიტანული IT კომპანია, Godel Technologies შემოდის. Godel საქართველოში შვილობილ კომპანიას დააფუძნებს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მასთან დაკავშირება ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხდა.

კომპანია 2002 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. Godel Technologies არის სწრაფი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების პარტნიორი. Godel Technologies გაერთიანებული სამეფოს ყველაზე საინტერესო ბრენდებთან თანამშრომლობს, რომ მათი ტექნოლოგიური საგზაო რუკები რეალობად აქციოს. დღეისთვის კომპანია მრავალ ფილიალში 1800-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და მასშტაბურ ზრდას განაგრძობს.

კომპანიას ცნობილი კურტ გოდელის სახელი ეწოდა, რომელიც მეოცე საუკუნის ყველაზე ორიგინალურ და მნიშვნელოვან ლოგიკოსად ითვლება. მან არითმეტიკისთვის აქსიომების არასრულყოფილება დაამტკიცა, რაც ბრენდის იდენტობის საფუძველი გახდა.

საქართველოს გარდა, Godel Technologies-ის ოფისები მდებარეობს პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უკრაინასა და ბელარუსში.

„Godel Technologies-მა თბილისი გაზრდილი და განვითარებული ტექნოლოგიური ჰაბების, ინოვაციური ცენტრებისა და ახალი ტექნოპარკების გამო აირჩია, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში შეიქმნა. ყველა მათგანი საუკეთესო ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებაზე არის ორიენტირებული,“ – წერია კომპანიის ვებგვერდზე.

2021 წელი კომპანიამ 35%-იანი წლიური შემოსავლით დაასრულა, რამაც 62 311 417 მლნ ფუნტი შეადგინა, მაშინ, როცა 2020 წელს 45 915 349 მლნ ფუნტი იყო.