სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,188 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია.
ექსპორტი 3,100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (36.4%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7,087 მილიონ აშშ დოლარს (34.8%-ით მეტია).
2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($475.6 მლნ), აზერბაიჯანი ($351.5 მლნ) და რუსეთი ($339.1 მლნ).
2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($1,226.2 მლნ), რუსეთი ($874.9 მლნ) და ჩინეთი ($619.0 მლნ).
საქართველოდან ჩინეთში გატანილ საექსპორტო პროდუქციას შორის, ტრადიციულად, სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერეობს; მოცულობით მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნებია; ხოლო მესამე ადგილს მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები წარმოადგენს.
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, პირველ ადგილს რეზინის საბურავები იკავებს; მეორეზე პოლიაცეტილებია; ხოლო მოცულობით მესამე ადგილზე იმპორტირებულ საქონელში ფოლადის ბრტყელი ნაგლინებია.