41 მლნ დოლარი – სწორედ ეს თანხა დახარჯა საქართველომ წელს, 10 თვეში ელექტროენერგიის შესაძენად.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის გასულ თვეში საქართველომ 6 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა და სავარაუდოდ, იმპორტი შემდეგ თვეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან საქართველოს ენერგოსისტემა ხასიათდება ენერგიის მოხმარებისა და გენერაციის სეზონური ასიმეტრიულობით, რაც გულისხმობს მოხმარების შედარებით დაბალ და გენერაციის მაღალ მაჩვენებლებს ზაფხულში და მოხმარების მაღალ და გენერაციის დაბალ მაჩვენებლებს ზამთარში.
საქსტატის თანახმადვე, წელს იმპორტირებული 41 მლნ დოლარის ელექტროენერგიიდან, 20 მლნ დოლარის ღირებულების დენი საქართველომ რუსეთისგან იყიდა, დანარჩენი კი, მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
აღსანიშნია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტისთვის 300 მლნ დოლარზე მეტი გავიდა.
ელექტროენერგიის იმპორტი (2018-2022)
2018 – $75,8 მლნ
2019 – $78,5 მლნ
2020 – $64,5 მლნ
2021 – $48 მლნ
2022 (10 თვე) – $41 მლნ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, აღსანიშნია, რომ 2022 წლის 10 თვეში იმაზე მეტი ელექტროენერგია გავყიდეთ, ვიდრე გასულ ოთხ წელიწადში ერთად. კერძოდ, საქსტატის თანახმად, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებულია 84 მლნ დოლარის ელექტროენერგია, საიდანაც 80 მლნ-ზე მეტი უშუალოდ თურქეთში გავყიდეთ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 პირველი წელია, როდესაც ჰიდროელექტროსადგურებიდან წყალი უქმად არ დაგვიღვრია და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის – ჭარბი რესურსი გავიტანეთ ექსპორტზე, თან ძირითადად თურქეთში. ეს კი თავის მხრივ, გარკვეულწილად შესაძლებელი გახდა თურქეთის მიერ საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტა გაზრდით. აღსანიშნია ისიც, რომ გაზრდილია ელექტრონერგიის ღირებულებაც.
ელექტროენერგიის ექსპორტი (2018-2022)
2018 – $20 მლნ
2019 – $9 მლნ
2020 – $6 მლნ
2021 – $16 მლნ
2022 (10 თვე) – $84 მლნ.