Home დღის ამბები ეკონომიკა პურ-პროდუქტები წლიურად 29%-ით გაძვირდა, ზეთი და კარაქი – 17%-ით, ხილი – 14%-ით

პურ-პროდუქტები წლიურად 29%-ით გაძვირდა, ზეთი და კარაქი – 17%-ით, ხილი – 14%-ით

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა. ფასები გაზრდილია ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფში, ხოლო სურსათსა და ტრანსპორტზე ყველაზე დიდი გაძვირება ფიქსირდება. უფრო დეტალურად, ფასების წლიური მატება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.9 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 პროცენტი).