გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ – ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობას და აღნიშნულის “სხვადასხვა ფორმით გამართლებას”.
მისივე თქმით, იმ დროს როცა ხელისუფლება სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით იწონებს თავს, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის რომ „ერთი ხელით, მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს ვაუქმებთ“.
„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც სიტყვიერი ძალადობით იწყება, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.
ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერს თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენ ტრადიციებთან, ჩვენ ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და იმედი მაქვს იცნობენ კიდევაც, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას – ქვეყანა, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.
ჩვენ ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როცა თავს იწონებს [ხელისუფლება] სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალათა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ“, – აცხადებს პრეზიდენტი.