კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1975 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცაიში.