Home დღის ამბები ეკონომიკა პირველად 11 წლის განმავლობაში – ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის

პირველად 11 წლის განმავლობაში – ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთები 11 წლის განმავლობაში პირველად, ჯერ ივლისში 25 საბაზისო პუნქტით, შემდეგ კი სექტემბერში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ამის მიზეზი ევროზონაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის დონეა – მიმდინარე წლის მაისში ფასები 8.1%-ით გაიზარდა, რაც 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირში საერთო ვალუტად ევრო შემოიღეს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალურმა ბანკმა დღეს განახლებული ეკონომიკური პროგნოზებიც წარადგინა. ახალი პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კონტინენტზე 2.8% იქნება, ინფლაცია კი 6.8%.

ბოლო ათწლელის განმავლობაში ევროპაში ინფლაციის დონე ძალიან დაბალი იყო. 2021 წლის ბოლოდან ფასების ზრდა უფრო და უფრო მეტ პროდუქტზე გავრცელდა, ამის გამო ცენტრალურმა ბანკმა ე.წ. პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და ნეგატიური საპროცენტო განაკვეთების ზრდაც დააანონსა.

ამჟამად ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე -0.5% -ია. ნეგატიური განაკვეთის დაწესების მიზანი ფულის გასესხების წახალისება იყო და არა შენახვა. პირველად განაკვეთი 0-ს 2014 წელს ჩამოსცდა, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელიც 0-მდე დაეცა.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თქვა, რომ ინფლაციასთან გასამკლავებლად ყველაფერს იღონებდნენ.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევი ჩვენი პოლიტიკასთვის: დავუახლოვოთ ინფლაცია მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში და ამის მისაღწევად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე ვართ თანახმა“, – დაწერა ლაგარდმა პოსტში.

განაკვეთების ზრდასთან ერთად, ივლისიდან ცენტრალური ბანკი აქტივების შესყიდვის პროგრამასაც დაასრულებს, რომელიც ევროზონის სავალო კრიზისის შემდეგ ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ინსტრუმენტი იყო.