Home დღის ამბები პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებენ

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებენ

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში აინიცირებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევა შეიძლება იყოს მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები.

„კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით. როგორც ისინი განმარტავენ, დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ასევე, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ინიციატორებისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მომზადებამდე ინიციატორებმა შეისწავლეს დღეს არსებული რეგულაციების აღსრულების მდგომარეობა, მათ შორის არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის საკითხი, ხოლო პრაქტიკაზე დაკვირვებამ და ოფიციალური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება. ინიციატორების თქმით, მათ ასევე კონსულტაციები გაიარეს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატები განმარტავენ, კანონპროექტს საფუძვლად ასევე დაედო პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.