პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი 78 ხმით (3 წინააღმდეგი) მიიღეს.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან.
კონცეფციას ხელს აწერენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია: – ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება; ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება და წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.