17 სექტემბრისთვის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 1,675 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოქროს ღირებულებაზე გავლენას მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ახდენს – რეცესიის მოლოდინი, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება.
მოსალოდნელია, რომ შემდეგ კვირაში აშშ-ს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე რეკორდულად მყარდება დოლარის კურსი, რაც ამერიკულ ვალუტას სხვა აქტივებთან შედარებით უფრო მიმზიდველს ხდის – ინვესტორები ახლა ოქროს ყიდიან და აქცენტს დოლარზე აკეთებენ, რაც ძვირფასი ლითონის ფასის შემცირებას იწვევს.
ამერიკის ინფლაცია ორნიშნა ნიშნულთან ახლოსაა. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 8.3% შეადგინა, რაც ფედერალურ რეზერვს აიძულებს, აირჩიოს 1980 წლის შემდეგ ყველაზე აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა და წელს განაკვეთები 0%-დან 2.25-2.50%-მდე გაზარდოს.
ეკონომისტების აზრი საპროცენტო განაკვეთის მატებასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი – ნაწილი მიიჩნევს, რომ შემდეგ სხდომაზე მონეტარული განაკვეთი კიდევ 0.75 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზრდა 0.50 პროცენტიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ წელს ოქროს ფასი არასტაბილურია – მიმდინარე წლის მარტში ღირებულებამ 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მარტიდან მოყოლებული კლების ტენდენცია ახასიათებს.