Home დღის ამბები ეკონომიკა ოქროს და ვერცხლის ფასი მკვეთრად ეცემა – რატომ იაფდება ძვირფასი ლითონები

ოქროს და ვერცხლის ფასი მკვეთრად ეცემა – რატომ იაფდება ძვირფასი ლითონები

საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ღირებულება მცირდება. ამჟამად 1 უნცია ოქრო 1740 დოლარამდე ღირს და ბოლოს ის ასეთი იაფი გასული წლის სექტემბერში იყო.

მიმდინარე წლის მარტში ოქროს ფასმა 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ თითქმის 15%-ითაა გაუფასურებული.

ოქროს ღირებულებაზე გავლენას მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ახდენს – რეცესიის მოლოდინი, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება.

მაღალი ინფლაციის გამო აშშ-სა და ევროპაშიც მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ. ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები 150 საბაზო პუნქტით გაზარდა, თვის ბოლომდე კი კიდევ 75 პუნქტით გაზრდას აპირებს. 25 საბაზო პუნქტით გაზარდა განაკვეთი ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეკონომიკის შენელებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი რეცესიის საფრთხეს ზრდის. რეცესია, თავის მხრივ, თითქმის ყველა საქონელზე და მათ შორის, ოქროზეც ამცირებს მოთხოვნას.

ამას ემატება ისიც, რომ დოლარი ორი ათწლეულის ყველაზე მყარ ნიშნულზეა – დოლარის ინდექსი, რომელიც 6 უცხოური ვალუტის მიმართ დოლარის კურსს ასახავს, 2002 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაზრდილი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი თითქმის 10%-ით.

შესაბამისად, ინვესტორებისთვის ახლა ბევრად უფრო მიმზიდველი სწორედ ამერიკული ვალუტაა, ვიდრე სხვა დანარჩენი აქტივები და მათ შორის, ოქრო.

ექსპერტების აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ახლო მომავალში მოსალოდნელი არაა, შესაძლოა, ოქროს გაუფასურების ტენდენცია კიდევ 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდეს და ფასი 1,700 დოლარსაც ჩამოსცდეს.

ოქროსთან ერთად უფასურდება ვერცხლიც. თუ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მისი ღირებულება 26 დოლარზე მეტი იყო, დღევანდელი მოცემულობით ის 19 დოლარამდეა შემცირებული, რაც ბოლოს 2020 წლის ივლისში მოხდა.

2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა პლატინის ფასიც და უნციაზე 876 დოლარს უდრის.