გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და გურჯაანის მუნციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, დღეს არსებული შემნახველი მეურნეობები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქცია შენახული იყოს თანამდეროვე სტანდარტებით და შემდგომ ექსპორტზე გაგზავნილი. ატმის წლევანდელი მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან, მოსავალი კარგია, რომლის დაბინავების პროცესი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კომპანია „გოლდ კახეთი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 600,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 160,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 200,000 ლარს შეადგენს.
სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 300 ტონა ატმისა და ვაშლატამას დასაწყობებაა შესაძლებელი, სეზონურად 100, ხოლო მუდმივად 5 ადგილობრივია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა ჩართული.