Home დღის ამბები ნონა გოგატიშვილის ერთი დღე

ნონა გოგატიშვილის ერთი დღე

ნონა გოგატიშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსპიკერი


ვწერ იმისთვის, რომ წაიკითხოთ და არა განიკითხოთ… ეს ხუმრობით. ისე, მთავარია ბოლომდე წაიკითხოთ!
როცა მითხრეს, რომ ჩემი ერთი დღის შესახებ თქვენთვის მომეყოლა, ბევრი ფიქრის გარეშე უახლოესი დღე ამოვირჩიე – დღე, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, რადგან ინტრიგა და იმედი გვაცოცხლებს თანამედროვე ადამიანებს.

წიგნებიც და ფილმებიც ასეთი მიყვარს – ჩემი გადასაწყვეტი რომ ხდება დასასრული სევდიანი იყოს, თუ ბედნიერი. თან არ მინდა რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოვტოვო.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, დილის 6 საათზე თუ ავდგებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლებს ძილი არ დაუფრთხეთ! უკვე მეოთხე თვეა ასე იწყება ჩემი დილა იმ მიზეზით, რომ მია გამთენიისას თავგანწირვით იწყებს ყეფას და არ ჩუმდება, სანამ არ დამინახავს. მია ხუთი თვის ჰასკია – ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხვდება, მაგრამ უჩემობას ვერ ეგუება.

დღესაც არ ყოფილა გამონაკლისი – გამაღვიძა. მეც თვალდახუჭული გავედი ეზოში და მოვუჯექი გვერდში. მიას თამაში უნდა, მე – მეძინება. 15 წუთის შემდეგ ვიფიქრე, რომ მოვბეზრდი და გამოვეპარე, მაგრამ მომაკითხა. გავაგდე. მომაკითხა. ისევ გავაგდე. მია არ ნებდება! შესანიშნავად იცის რა უნდა მოიმოქმედოს, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანოს! – ფეხსაცმელები!!! ყველა ფეხსაცმელი ერთ წუთში გაზიდა გარეთ, წვიმაში… წამოვხტი, მოვკრიფე და… გამოვფხიზლდი.
მიას წყალობით ერთი კარგი ჩვევა შევიძინე – დილით ვსაუზმობ. ადრეც კარგად ვიცოდი, რომ არ შეიძლება დილით უჭმელი სამსახურში წასვლა, მაგრამ „5 წუთიც და ავდგები“ მეც მჭირდა ბევრი თქვენგანის მსგავსად. შესაბამისად, ნახევრად მშიერს მიწევდა მუშაობა. ახლა სავსე „მჭიდით“ ვმოძრაობ და ქარისაც აღარ მეშინია.

მოკლედ, დილით გემრიელად მივირთვი, დაბრაწული ხინკალი და ტკბილი, შავი ჩაი – იდეალური საუზმეა ჩემთვის. ხინკლის კეთება წვალებად ღირს ნამდვილად. კარგი მზარეული არ ვარ, მაგრამ რაც მინდა შესანიშნავად გამომდის.
ისე, მარტო არ ვცხოვრობ. უბრალოდ, საკუთარი თავი ისე მიყვარს, სხვებზე საუბარი მავიწყდება ხოლმე. სახლში კიდევ დედა, მამა და ჩემი უმცროსი და ცხოვრობენ. დედაჩემი ჩემთან ერთად იღვიძებს. მამაც ადრე დგება, მაგრამ ჩემ დას ძაღლის ყეფა კი არა, „ბომბი რომ დასცე, ვერ გააღვიძებ“, როგორც იტყვიან. ხოდა, როგორც მოგახსენეთ, დედამაც გაიღვიძა და „დილა მშვიდობისა“-ს ნაცვლად „პულტი მომაწოდე“ მომაძახა. ვერ მიხვდებით მიზეზს, თუმცა არც გაგიკვირდებათ, რადგან „ეს რა ჭირი გვჭირს“ თურქული სერიალების სახით! წუხელ დედიკოს დაეძინა და ახალი სერია ვერ ნახა, ამიტომ 7:30სთ-ზე უკეთესს ვერაფერს იზამ. ზეჰრაააააააააა…
ეს ის მომენტია, როცა ერთი სული გაქვს სამსახურში წახვიდე, მაგრამ 9:00-მდე საათნახევარია დარჩენილი. საქმე გამოვიჩინე! წვიმაა, თუმცა თმების დასწორებას აზრი ყოველთვის აქვს. როგორც ცხონებული პაპაჩემი ბაგრატი იტყოდა, „ქალის სიმდიდრე თმა არისო“ (სხვაც იცოდა: „ქალი თმაგრძელი და ჭკუამოკლეაო“, მაგრამ აქ არ ვეთანხმები კატეგორიულად), მეც ვეცადე არ დამეწვა და დიდი რუდუნებით მივახარჯე ერთი საათი. ჩაცმის ეტაპზე გადავედი, გამოვალაგე ტანისამოსი და საცაა უნდა გავყო თავი ბლუზში, რომ დედა ყვირის – „გაცივდები“! კარგი დედა, ოღონდ შენ არ ინერვიულო… სხვა ზედა ჩავიცვი, პიჯაკი ავიღე და გამოვდივარ… „ჩაიცვი!“ – ისევ, მან უკეთ იცის მე მცივა თუ მცხელა… 35 წლის ასაკში უკვე ხვდები, რომ დედას შენს მაგივრად სცივა, შია, სტკივა, ეძინება, მაგრამ არასოდეს ეზარება…

სამარშრუტე ტაქსი 8:53 წუთზე მოდის ზუსტად. დღეს რომ ავედი, ცარიელი დამხვდა. „ზარმაცები“ – ჩემდაუნებურად წამომცდა ბოღმანარევი თეთრი შურით. „ძილის ამინდია“ მიპასუხა გიორგიმ. გიორგი ჩვენი ერთადერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. ამინდივით ხასიათზე ჩამოვედი სამსახურთან, თან ვფიქრობ: ჩემი 50 თეთრისთვის დაიფრთხო ძილი ამ ბიჭმაც, რა მუხთალია ეს წუთისოფელი…
რამდენიმე ნაბიჯში გამოიდარა! ღიმილი ადამიანის ყველაზე ლამაზი სხივია. ერთ გულწრფელ ღიმილს შეუძლია მთელი დღე სამოთხედ გიქციოს. მე კი, სამსახურში მისვლისთანავე მიღიმიან მაიკო, ბექა, გიორგი, ნათია, ნუგზარი… მარი ჩამოსულა გარუჯული. გამოველაპარაკე. მარი ჩემი უახლოესი მეზობელია სამსახურში. მერიაში მუშაობის დაწყებისთანავე ერთი კარი და ბევრი საერთო გაგვიჩნდა. მარიზე ბევრი შემიძლია დავწერო, ძალიან საყვარელია, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩემ თავზე უფრო მიყვარს საუბარი!
ჩემი სამუშაო ოთახის კარი გავაღე და ცვლილებების ქარმა დაჰბერა. გადავდგი, ჩამოვხსენი, გადავალაგე, დავამატე… მოკლედ ოთახი უფრო მოხერხებულია, მე კი უფრო კმაყოფილი!



განწყობა აუცილებელია მუშაობისთვის. მას ან შინაგანი ხმა გიქმნის, ან კარგი უფროსი. მე ორივეში გამიმართლა. დღეს „მთებს გადავდგამ“! ვებ-გვერდი ჩემი მთაგრეხილია, დაძრული მყავს და მძიმე-მძიმედ მივაგორებ. ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, განთავსება… მოკლედ, რთულია, მაგრამ საინტერეო. დღეს ფოტოაპარატი არ მჭირდება. ფოტოაპარატი ჩემი საყვარელი ნივთია. ისტორიას ჩარჩოში სვამს და მეხსიერებაში აღბეჭდავს. ისტორიაში მხოლოდ მკვეთრი ემოციები რჩება – ასეა ფოტოგრაფიაშიც. ფოტო შთამბეჭდავი თუ არაა, აუცილებლად წაშლი. ფოტოგრაფია ჩემი სამუშაოს მხოლოდ პატარა დეტალია, მაგრამ ხალხი რატომღაც მხოლოდ ამას ამჩნევს. ზოგჯერდედაჩემიც კი მეკითხება: „ამხელა გამოცდილება იმიტომ გაქვს, რომ ფოტოგრაფი იყოვო?!“ სამსახურზე ბევრს ვფიქრობ. ბევრს არა, სულ ვფიქრობ. საჯარო სამსახური მეტი პასუხისმგებლობაა. არ უნდა შეგეშალოს, მაგრამ თუ აკეთებ, მხოლოდ მაშინ გეშლება… და რაც უფრო ხშირად აკეთებ მით უფრო ნაკლები შეცდომა მოგდის. მუშაობა შეცდომების უკუპროპორციულია – ესეც ახალი თეორემა „გამოვაცხე“. ფიზიკა-მათემატიკას „აქედან ვერ ამოშლით“!

დიდხანს ჯდომა არ შემიძლია, ახალი ამბები უნდა გავიგო. კულტურაში სულ მელოდებიან. ქალბატონი ფიქრია დღეში ერთხელ რომ არ ვნახო, სულიერ საზრდოს მოვიკლებ. საუბრის გარეშეც შეიძლება ისწავლო მისგან უამრავი რამ.
გარემონტებული „ქალთა ოთახი“ მომხვდა თვალში. მიაკო და ნელიკო ახალ ავეჯს ალაგებენ. ვიფიქრე მივეხმარები მეთქი. ჩემი პროაქტიულობა ზღვარს სცდება ასეთ დროს. ოთოც აქვე ლაზღანდარობს. ეს ბიჭი ცალკე ფენომენია – პოზიტივის ფანტანი. მოკლედ, დიდი მხიარულებაა. ხელოსანი რა ხელოსანი იქნება, თუ ყველაფერი კარგად გააკეთა?! „შტეფცელი გამოვარდა“გაიცინა მაიკომ და უფროს ოთარს ვუხმეთ დასახმარებლად. პატარა ოთოს წუწუნი დიდი ოთარის მისამართით „მამათა და შვილთა“ პაექრობაში გადაიზარდა ისე, რომ ქალთა ოთახში ერთი კვირის სასაცილო გამონათქვამები შევაგროვეთ.
სამუშაო ადგილზე დაბრუნება გადავწყვიტე. თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია უნდა განვათავსო ვებ-გვერდზე.ვრეკავ სათითაოდ… „დიახ ქალბატონო ნონა, გამოგიგზავნით“… ამ „ქალბატონო“-ს წლებია ვისმენ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შევეგუე. არადა თავმდაბლობით არ გამოვირჩევი.
შუაგულ მუშაობაში ვარ. ბატონი შოთა შეხვედრაზე წაბრძანდა, მარიც შესვენებაზეა და ვფიქრობ, რომ ხელს არავინ შემიშლის. ნურას უკაცრავად… ისტერიული ყვირილით შემორბის შუახნის ქალბატონი. ვცდილობ დავამშვიდო. „დაბრძანდით“ შევთავაზე სკამი. დაჯდა და დაიწყო მოყოლა:თურმე პედაგოგი ყოფილა.ადრე დირექტორად სურდა მუშაობა.თბილისში უცხოვრია. გამოცდა ჩაუბარებია ლომაიას დროს და ლოტოტრონით სხვა რაიონის სკოლა შეხვედრია, ამიტომ უარი უთქვამს. მომიყვა რომ უნიჭიერესი შვილები ჰყავს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობენ. ახლა ქმართან ერთად კონდოლში წამოსულა საცხოვრებლად და გაუგია, რომ სატრანზიტო გზა კეთდება. არ უნდა ამ ქალბატონს სატრანზიტო გზა! მისი სახლი კი არ ჰყვება ამ მონაკვეთზე, უბრალოდ ჰაერის დაბინძურებაზე ზრუნავს. ბონდო ყოფილა კონდოლში, რომელიც მას არ უჯერებს და ნერვებს უშლის. ამ ბონდოს ფეისბუქზე ლონდო დაურქმევია… აი ეს გავიგე და კიდევ ის, რომ ელისაშვილი უყვარს ძალიან…
ნინო აფციაურის დანახვა სულ მიხარია, მაგრამ მისი შემოსვლა ასე პირველად გამიხარდა! დაგვემუქრა განცხაადებას დავწერო და ჩვენც კორექტულად გავუშვით ქალბატონი ბიუროში განცხადების დასაწერად.
საინტერესო ისაა, რომ ამ ქალბატონზე არ გავბრაზებულვარ. ახლაც იმას ვფიქრობ, კიდევ კარგი ლოტოტრონით სხვა რაიონში რომ მოხვდა!
ვახომ შემოირბინა ჩვენთან, დაგვხედა. ჩაი შევთავაზე და ცოტა ამოვისუნთქეთ. განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნოა.
ისევ მარტო დავრჩი, თავი რამდენმა შემოყო ჩემ ოთახში არ მახსოვს, მაგრამ ბატონი გია მახსოვს კარგად. დამხედავს ხოლმე, უჩემოდ ალბათ აუდიტებიც ვერ ძლებენ.
ამ ხმას მხოლოდ მე კი არა, ალბათ, მთელი საქართველო სცნობს. დეფიბრილატორივითაა, მკვდარს აცოცხლებს… მაკა მოვიდა.  ჩემთვის მაკა ერთი პატარა გოგოა ცხოვრების დიდი გამოცდილებით. მაკა საყვარელიც არის და საშიშიც. რაც მთავარია, მაკას თუ მოუსმენ, ბევრს ისწავლი…
ცოტა ვისაუბრეთ, და საშინაო დავალება მომცა ხვალისთვის – „ნონას ერთი დღე“ მომიმზადეო. არ მოველოდი…
საშინაო დავალებას მთელი ბავშვობა გაკვეთილზე ვწერდი. სად მცალია სახლში წერისთვის! სამსახურის ერთ საათს,თავისუფალი დროის ერთი საათი დავამატე და ცხოვრების წიგნის ერთი აბზაცი გრაფიკულ ნამუშევრად ვირტუალურ ფურცელზე დაგიტოვეთ.

თუკი არავის აინტერესებ – არავინ ხარ. და თუ მაკას აინტერესებ… საიდან მაქვს ამდენი ამბიცია?! ღმერთო შემინდე!!!

სამუშაო დღე დასრულდა, უკვე საღამოა და ახლა რას მოვიმოქმედებ, მხოლოდ უფალმა იცის. მე კი ვიცი, რომ თქვენ მხოლოდ საუკეთესოს მისურვებთ!
სიყვარულით,
ნონა გოგატიშვილი