Home გაზეთი ნიკოლოზ ჩომახაშვილი – ევროპის ახალგაზრდა ჩემპიონი

ნიკოლოზ ჩომახაშვილი – ევროპის ახალგაზრდა ჩემპიონი

გაზეთი „შირაქი“ ამ ახალგაზრდაზე ცოტა ხნის წინ წერდა, მაშინ, როდესაც ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ნიკოლოზ ჩომახაშვილი მაშინდელ ინტერვიუში გვეუბნებოდა, რომ „წინსვლისთვის და წარმატებისთვის, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა“. მისი სიტყვების დასტური კი ნიკოლოზისთვის 30 მაისს, რუმინეთში გამართული მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი აღმოჩნდა.

თავდაუზოგავი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის მაგალითი აჩვენა სწორედ ნიკოლოზმა, როდესაც ჯერ მარცხენა მკლავში გახდა ჩემპიონი, ხოლო შემდეგ კი ქართულ ფინალში მის თანაგუნდელ, მერაბ ბურდიაშვილს სძლია და მარჯვენა მკლავშიც მოიპოვა ჩემპიონობა. ეს მარტივი არ ყოფილა, იმის ფონზე, როდესაც თანაგუნდელებმა იცოდნენ ერთმანეთის შესაძლებლობები, ტაქტიკა, ხასიათი. ეს ორმაგი სტრესი, დაძაბულობა და ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდა და ამ წნეხში, სწორედ, ნიკოლოზმა იმარჯვა.

ნიკოლოზ ჩომახაშვილი: „საკმაოდ კარგი და ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. მთლიანობაში, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში (18 წლამდე) 20 მონაწილეზე მეტი ვასპარეზობდით. ფინალში გასასვლელად 6 გადაწევა დამჭირდა ორივე ხელში. მაშინ, როდესაც პირველი გამარჯვება მოვიპოვე, ვერ ვიაზრებდი რომ ევროპის ჩემპიონი ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ზღვა ემოციებთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ქართულ ფინალს, უნდა აღვნიშნო, რომ რთული იყო. მერაბთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს, აქედან გამომდინარე, შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ვფიქრობ, შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, მის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამ შეჯიბრმა ეს კიდევ ერთხელ დამანახა. ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთე და ყველაფერი ჩავდე, რაც კი შემეძლო. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ვარჯიში არ გამიცდენია ისე ვემზადებოდი ამ შეჯიბრისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორ, ქალბატონ დოდო ხუნაშვილს გვერდში დგომისთვის. ასევე ჩემს ტრენერს ზურა ირემაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. ასევე მათ მინდა ვუთხრა მადლობა, ვისაც სჯეროდა ჩემი და მგულშემატკივრობდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სექტემბერში, მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთში გაიმართება“.

ქეთი ბაღაშვილი, ნიკოლოზის დედა: „ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ალბათ, მშობლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებ- ობს, როდესაც შვილი ასეთ წარმატებას აღწევს. სიხარულის ცრემლი მომდიოდა, საოცრად ამაყი ვიყავი. მარტივთან ერთად რთული შეხვედრებიც ჩაატარა, ზოგ შეხვედრაში „ჭიდაობაც“ კი მოუწია. ამას დაემატა ქართული ფინალიც, რაც, რა თქმა უნდა, ორივე მონაწილისთვის დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭები მეგობრობენ, მოლდოვაშიც ერთად იყვნენ საასპარეზოდ, იციან ერთმანეთის შესაძლებლობები, ორივესთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა ფინალში შეჯიბრება. არ არის მარტივი, ასეთ დიდ ზეწოლას გაუძლო. საბოლოოდ, კი ყველამ ვნახეთ შედეგი. აუცილებლად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას და ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრს, მის ხელმძღვანელ, ქალბატონ დოდო ხუნაშვილს ნიკოლოზის ხელშეწყობისთვის, რადგან, როგორც ვიცით, ამ სპორტში, სამწუხაროდ, დაფინანსება არ არსებობს. საჭირო თანხა, რომელიც წარვადგინეთ ფედერაციიდან, ჩვენმა მერიამ ნახევარი დაგვიფინანსა. შედეგად, ნიკოლოზმა, რომელიც დედოფლისწყაროს სახელით იღებდა მონაწილეობას მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, ორივე ხელში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი 17 წლის ასაკში გახდა“.

გაზეთი „შირაქი“ ულოცავს ნიკოლოზს ევროპის ჩემპიონობას. ვუსურვებთ, კიდევ არაერთხელ დაეპყროს ევროპისა თუ მსოფლიოს უმაღლესი კვარცხლბეკები, კიდევ უამრავჯერ ესახელებინოს საკუთარი ქვეყანა, მუნიციპალიტეტი და ოჯახი. გვჯერა, შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, იმ შრომას, რომელიც ადამიანს წარმატებისკენ მიმავალ გზას ნამდვილად უკვალავს.

ჟუჟუნა ყანჩაშვილი