Home დღის ამბები ეკონომიკა ნავთობის ფასის ომამდე ნიშნულზე დაბრუნება ნოემბერშია მოსალოდნელი

ნავთობის ფასის ომამდე ნიშნულზე დაბრუნება ნოემბერშია მოსალოდნელი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (International Energy Agency-IEA) ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი მცირედით გაზარდა. ამის შესახებ სააგენტოს აგვისტოს ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წელს ნავთობზე მოთხოვნა დღეში 380 000 ბარელით გაიზრდება და 99,7 მილიონ ბარელს მიაღწევს, რითიც პანდემიამდელ დღიურ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 115 ათასი ბარელით შემცირდა და 7,4 მლნ ბარელი შეადგინა.

IEA-ს პროგნოზით, 2023 წელს ნავთობზე დღიური მოთხოვნა, დაახლოებით, 101,8 მილიონი ბარელი იქნება.

ივლისში დღიური ნავთობმოპოვება უკრაინის ომამდელ დონეზე 310 000 ბარელით ნაკლები იყო. ომამდე ნავთბმოპოვება 100,5 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2020 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა. ივლისში ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ OPEC+-ის შეთანხმება კვლავ გადაჭარბებით შესრულდა: შეთანხმების შესრულების დონემ, ერთი თვის წინანდელ 314%-თან შედარებით, 523%-ს მიაღწია. OPEC+-ის ქვეყნების დღიურმა წარმოებამ ივლისში 25,22 მილიონი ბარელი შეადგინა, ხოლო არაწევრი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის დღიური მოპოვება მთლიანობაში 15,12 მილიონი ბარელი იყო. რუსეთი დღეში 9,8 მილიონ ბარელს აწარმოებდა.

მარტიდან რუსული ნავთობის ექსპორტი იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებში 2,2 მილიონი ბარელით შემცირდა, რამაც ექსპორტის მესამედი შეადგინა. დანარჩენი წილი სხვა ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთზე გადანაწილდა. IEA რუსეთში ნავთობისმოპოვების პროგნოზს ზრდის.

სააგენტო შენიშნავს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development-OECD) წევრი ქვეყნების ნავთობის მარაგი ივლისში 6 მილიონი ბარელით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეზე 292,1 მილიონი ბარელით ნაკლებია. ამასთან, OECD-ის ქვეყნებში ნავთობის მარაგი ივნისში გაიზარდა, თუმცა მსოფლიოაში შემცირდა.

OECD 38 წევრ ქვეყანას აერთიანებს. ესენია: ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, კორეა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.