Home დღის ამბები ეკონომიკა მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი იზრდება

მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი იზრდება

მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები გულისხმობს, რომელზეც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში.

მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა ეტაპობრივადაა გათვალისწინებული, კერძოდ: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 10 ლარამდე.

რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის მოსაკრებელი 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 11 ლარამდე გაიზრდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განმარტა, ეს არ ეხება პირად საცხოვრებელ სახლებს და მათთან მიმართებით, მოსაკრებლის ოდენობა ისევ 4 ლარი რჩება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ცნობისთვის, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.