ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში აგრძელებენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი ზომების შემსუბუქებას მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმის ნიშნები, რომ პანდემია შესაძლოა ნელდებოდეს. ზომების შესუსტება ხალხს კვირების განმავლობაში პირველად მისცემს სახლების დატოვების საშუალებას.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას ვაშინგტონში სიტყვით გამოვა პანდემიის შესახებ და ილაპარაკებს აშშ-ის ეკონომიკის კვლავ ამოქმედებაზე.
აშშ-ში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1,1 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც მთელი მსოფლიოს მაჩვენებლის ერთი მესამედია. ამერიკაში COVID-19-ით ყველაზე მეტი, 66 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიაში, რომელიც სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა, 4 მილიონი ადამიანი ემზადება მუშაობის განახლებისთვის 4 მაისს, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში შემცირდა ინფიცირების, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები. ეს საშუალებას იძლევა, შესუსტდეს მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომები.
2 მაისს ესპანეთში ხალხი პირველად გავიდა ქუჩებში 48-დღიანი აკრძალვის შემდეგ, მას მერე, რაც მთავრობამ შეარბილა მკაცრი ზომები. ესპანეთში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25 ათასს აჭარბებს.
მიუხედავად გაუმჯობესების ტენდენციისა, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ პანდემიასთან ბრძოლაში.
დღემდე მსოფლიოში დაავადებამ 243 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფექცია დაუდასტურდა 3,4 მილიონ ადამიანს. პანდემიის შედეგად დედამიწის მოსახლეობის ნახევარი სხვადასხვა ფორმით აღმოჩნდა საკარანტინო პირობებში. მსოფლიოს ეკონომიკა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე უარეს დაღმასვლას განიცდის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც ერთი კვირა გაატარა საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, 3 მაისს განაცხადა, რომ მას „ლიტრობით ჟანგბადს“ აწვდიდნენ, რათა მკურნალობისას მისი სიცოცხლისუნარიანობა შეენარჩუნებინათ.
წყარო :რადიო თავსუფლება