კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს სტიქიამ ზიანი მიაყენა. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც მუნიციპალიტების მერიებში აცხადებენ, გზების გაწმენდას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ქარი ჩადგება.