მობილური ოპერატორები მობილური ინტერნეტიდან და ხმოვანი მომსახურებიდან თითქმის ერთნაირ შემოსავალს იღებენ. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მობილური ოპერატორების შემოსავლების 44% ხმოვან მომსახურებაზე, 43% კი ინტერნეტზე მოდის. მოკლე ტექსტურ შეტყობინებებითა და სხვა მომსახურებებით კი შემოსავლების 13% გენერირდება.
კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, რომ მობილური ინტერნეტის თითქმის ყველა მაჩვენებელი – ტრაფიკი, მოხმარება – მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მნიშვნელოვნად გაზრდილია ტრაფიკის და საშუალო მოხმარების მაჩვენებლები. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მობილურ ინტერნეტს 3.8 მილიონი აბონენტი ჰყავდა საქართველოში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7%–ით მეტია.
მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2022 წლის I კვარტალში 94 პეტაბაიტი შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 63 პეტაბაიტი იყო. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 8.6 გბ–ს შეადგენს, რაც გასულ წელს 6.6 გბ–ი იყო.
3.8 მილიონი აბონენტიდან, 2.8 მილიონი ფიზიკური პირია, 0.8 მილიონი იურიდიული პირი,0.2 მილიონი კი სახელმწიფო დაწესებულებები.