Home დღის ამბები ეკონომიკა მობილური ინტერნეტით მოსარგებლე პირთა რაოდენობა თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა

მობილური ინტერნეტით მოსარგებლე პირთა რაოდენობა თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონით – 494 ათასით მეტია. გასულ წელს ყველაზე მეტი 1.35 მლნ – მობილური ინტერნეტის აბონენტი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.34 მლნ – „მაგთიკომს“, ხოლო 1.06 მლნ აბონენტი „ბილაინის“ მობილურ ინტერნეტს იყენებდა.

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში 109%-ს შეადგენს. 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო წინა წელთან შედარებით ზრდა 15% იყო.

2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს – 0.1% შეადგინა.