თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 აპრილს, მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის წინა სასამართლო სხდომა იმართება.
როგორც ცნობილია, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, რომელსაც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობას ედავებიან, ბრალი დაუმძიმდა.
მას შემდეგ, რაც ორი ალტერნატიული ექსპერტიზების პასუხები გახდა ცნობილი, პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ისინი უნდობლობას უცხადებენ პროკურატურასა და სასამართლოს. ამიტომ მოითხოვენ, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
წინა სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, პოლიციელმა ვანო ზანდარაშვილმა, საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე გასროლით, გასული წლის დეკემბერში მოკლა. დაიჭრა მერიის მაღალჩინოსანიც.