Home დღის ამბები მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 2024 წლიდან ქვეყანაში დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. საუბარია ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. მთავრობის ინფორმაციით, რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მსგავსი ტიპის ცვლილებებისთვის მოქალაქეები ჯერ მზად არ არიან“, – ასეთი პოზიცია აქვს დაანონსებულ ცვლილებებზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს.

ლაშა დარბაისელი bm.ge-სთან ამბობს, რომ 2013 წელს ქვემოთ წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვით დაზარალდება როგორც ინდუსტრია, ისე თავად მოქალაქეების ის სეგმენტი, რომლებსაც ახალი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ამით დავაზიანებთ ჩვენს სექტორს და არამხოლოდ ჩვენს სექტორს, დავაზიანებთ ქართველ მომხმარებელს, მყიდველს, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ 2013 წლის ზემოთ წლოვანების ავტომობილები შეიძინოს. ვთვლი, ჯერ საქართველოს მოქალაქეები მზად არ არიან ასეთი მკაფიო ცვლილებებისთვის.

2013 წლის ქვემოთ წლოვანების ავტომობილებს დაახლოებით 30-40% უჭირავს მთლიან იმპორტში. შესაბამისად ძალიან დაზარალდებიან ავტოიმპორტიორები.

რეგულაცია უნდა მივიღოთ იმ ფორმით, რომელიც გამოასწორებს დღეს გაუსაძლის მდგომარეობას, თუმცა უნდა ვეცადოთ არც მომხმარებელი და არც ბიზნესი დავაზიანოთ. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ავტომობილის მდგომარეობის განსაზღვრა მხოლოდ წლოვანებით.

ჩვენ დამოკიდებული ვართ რეექსპორტზე, მაგრამ ამ ცვლილებების შემდეგ უფრო მეტად გავხდებით რეექსპორტზე დამოკიდებულები. დავკარგადვთ იმ უცხოელ დილერებს, რომელთაც საქართველოდან გაჰყავდათ მათ შორის განბაჟებული ავტომობილები. ამ მცირე კატეგორიას დავკარგავთ“,-აცხადებს ლაშა დარბაისელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევრო 5 სტანდარტი და წლოვანების შეზღუდვა ავტომობილების რეექსპორტს არ შეეხება. ცვლილებებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი უკვე მზადაა, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება. უცნობია, როგორ მოხდება რეგულაციის აღსრულება და საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის გაკონტროლება, რომ ქვეყნის ავტოპარკში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს.

სანამ ინიციატივა კანონად იქცევა, ტექნიკური რეგლამენტის მიღების შემდეგ პარლამენტს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა მოუწევს. ბიზნესს იმედი აქვს, რომ განხილვების პროცესი მათ გარეშე არ ჩაივლის.