Home დღის ამბები მთავრობა რთველის სუბსიდირების ბიუჯეტს რეკორდულ 138 მილიონ ლარამდე ზრდის

მთავრობა რთველის სუბსიდირების ბიუჯეტს რეკორდულ 138 მილიონ ლარამდე ზრდის

2021 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შევა, რის შედეგადაც მთავრობის მთლიანი ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. მათ შორის 177 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, 100 მილიონი ლარით იზრდება რთველის სახელმწიფო დაფინანსება და ამ პროგრამის მოცულობა რეკორდულ 138.4 მილიონ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კახელი და რაჭველი მევენახეები მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებენ.

მთავრობა უკვე წლებია რთველის სუბსიდირების პროგრამას აფინანსებს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს (“აკურას” და “მოსავლის მართვის კომპანიას”) ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე “ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს”.

BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი – 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.

სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.

BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სუბსიდირების გზით ჩაბარებული ყურძნისგან სახელმწიფო კომპანიებმა 239 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და ღვინო-მასალა დაამზადეს. თითოეული მათგანის მოცულობა და საბალანსო ღირებულება ასეთია:

• 2015-2020 წლებში დამზადებული ღვინო მასალის მოცულობაა 92.8 ათასი ლიტრი, თვითღირებულება 108.6 მილიონი ლარი;
• 2015-2020 წლებში დამზადებული საკონიაკე სპირტის მოცულობაა 12.1 ათასი ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლი), თვითღირებულება 130.4 მილიონი ლარი.

BMG-იმ გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ 2015-2021 წლების განმავლობაში რეალიზებული სპირტისა და ღვინო-მასალის შესახებ. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ პერიოდში 114.1 მილიონი ლარის ალკოჰოლური სასმელები გაყიდა.