Home დღის ამბები ეკონომიკა მთავრობა გაზის ერთ-ერთი საბადოს ლიცენზიანტის 22%-ის მფლობელი გახდა

მთავრობა გაზის ერთ-ერთი საბადოს ლიცენზიანტის 22%-ის მფლობელი გახდა

საქართველოს მთავრობის შეფასებით, თბილისის მახლობლად, სამგორის გაზის საბადოს ათვისების დიდი პოტენციალი გააჩნია, ამის გამო 2022 წლის დასაწყისში “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” შეიძინა 22%-იანი წილი კომპანია Georgia oil & Gas limited-ის ქართულ შვილობილში. გარიგების ღირებულება 3.5 მილიონი დოლარი იყო.

ტრანზაქციის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ კომპანიას საბადოს განვითარებაში $70 მილიონი დოლარი უკვე ჩადებული აქვს.

“ახლა სეისმიკა [კვლევები] გვაქვს თბილისის პირას სამგორის საბადოსთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროექტია. იმდენად პერსპექტიულია, რომ სახელმწიფომ მისი შესწავლის შემდეგ წილი შეიძინა და პროექტის 22%-ის ოდენობით მონაწილეობს. აქ ლიცენზიანტია კომპანია “ქართული ნავთობი და გაზი”, მას დიდი ხნის გამოცდილება აქვს და დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებული აქვს. ამ ინვესტიციის შედეგად, სამგორის 80-იანი წლების საბადოს გარშემო ძალიან პერსპექტიული სტრუქტურები გამოიკვეთა,” – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

მისი თქმით, გარდა ამ საბადოსი, უკვე დამტკიცებულია 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საბადო, რომელიც ასევე თბილისის მახლობლად, კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” სალიცენზიო არეალში მდებარეობს.

“Block Energy ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღულ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია.

Block Energy უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს Block Energy, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. Block Energy-ს აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს რიცხვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” – განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა.

Georgia oil & Gas limited-ს, ის შემდეგ ბლოკებზე ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ლიცენზიებს – სალიცენზიო ბლოკები VIII, XIG, XIM, XIN, XIC მარტყოფი, XIC ჩრდილოეთ საცხენისი, XIV, IXA, XIK, XIL, XIA; XIH; XIQ. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, მისი დამფუძნებელია ნიკოლოზ თევზაძე. თავად კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2010 წელს არის რეგისტრირებული და საქართველოში შვილობილი ფირმის მეშვეობით ოპერირებს.