საქართველოს მთავრობამ ქვეყნის საზღვარზე გამავალი ათასობით სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი გააძვირა. აქამდე თითოეული ტრაილერი ამ მოსაკრებლისთვის 200 ლარს იხდიდა, თუმცა 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარი ეღირება.
მოსაკრებლის გაძვირებით საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან შემოსავლის ათობით მილიონი ლარით გაზრდა შეეძლება.
საქართველოს ყოველდღიურად 900-ზე მეტი ტრაილერი კვეთს. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა.
2022 წლის პირველ 4 თვეში კი ტრანზიტული სატვირთოების რაოდენობა 116,000-ს აჭარბებდა, ბიუჯეტში შესული გადასახადი კი 23.2 მილიონი ლარი იყო. თუკი წელს ტრაილერების რაოდენობის მატების წინა წლის ტრენდი (7%-ის ზრდა) შენარჩუნდება, მაშინ ქვეყანას სულ 355,000 ტრაილერი გადაკვეთს, მათგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 90 მილიონი ლარი იქნება. 2023-ში კი ჯამური შემოსავალი სავარაუდოდ 130 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
2010 წელს, როდესაც 200 ლარის ღირებულების მოსაკრებელი ამოქმედდა ეს თანხა $120 დოლარის ეკვივალენტი იყო. დღეს კი 200 ლარი მხოლოდ 67 დოლარია. შესაბამისად 350 ლარამდე ამ მოსაკრებლის გაზრდა მის კვლავ $120-მდე (118 დოლარამდე) გაზრდას ნიშნავს.