საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა $351.8 მილიონის FDI ჩადეს. ეს წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია.
ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ინვესტორებმა $923 მილიონი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 102%-ით მეტია. ზრდა ძირითადად პირველი კვარტლის შედეგებზე მოდის, ეს ზრდა ძირითადად ერთი ტრანზაქციით იყო განპირობებული, კერძოდ კი ესპანური კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის $196 მილიონად შეძენის ტრანზაქციით. თუმცა, მეორე კვარტალში ამ მასშტაბის სხვა გარიგება არ მომხდარა.
საქსტატის თანახმად, ინვესტიციებს შორის უდიდესი ნაწილი რეინვესტიციებზე მოდის, კერძოდ მეორე კვარტლის 352-მილიონის FDI-ს შორის $240 მილიონი რეინვესტიციებს შეადგენდა.
ქვეყნების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორს საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს, საიდანაც მეორე კვარტალში $65 მილიონი შემოვიდა. თუმცა, რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია – TBC; საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ბანკი სწორედ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული, შესაბამისად ბრიტანული ინვესტიციები შესაძლოა მათ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. (უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიას BMG საქსტატისგან გამოითხოვს). ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები $45 მილიონით, რომელსაც ასევე არაერთი ქართული კომპანია რეინვესტიციებისთვის იყენებს. $42 მილიონის საინვესტიციო ნაკადით კი, მესამე ადგილზეა იაპონია.
ტოპ ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
გაერთიანებული სამეფო – $65 მილიონი;
ნიდერლანდები – $45 მილიონი;
იაპონია – $41 მილიონი;
თურქეთი – $31 მილიონი;
ჩინეთი – $30.7 მილიონი;
ჩეხეთი – $27 მილიონი;
ყაზახეთი – $12 მილიონი;
დანია – $10 მილიონი;
მარშალის კ-ები – $9 მილიონი;
გერმანია – $9 მილიონი.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).