მედიანური ხელფასი რომ საშუალოზე 31%-ით დაბალია, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ადამიანთა უმრავლესობას აქვს დაბალი ხელფასი, – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა მედიანურ და საშუალო ხელფასებზე საუბრისას განაცხადა.
„ხალხს ყოველთვის რატომ ხვდებოდა თვალში მაღალი საშუალო ხელფასი?! მედიანური ხელფასი რომ 31%-ით დაბალია საშუალოზე, ეგ იმას აჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავლესობას დაბალი ანაზღაურება აქვს. მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს. ამასთან, 1300 და 900 ლარიც არის დაუბეგრავი, სინამდვილეში ხელზე ადამიანები გაცილებით ნაკლებს იღებენ. მაგალითად, მედიანური ხელფასი დაახლოებით 700 ლარი გამოდის, თუკი საშემოსავლოს და საპენსიო გადასახადს გამოვაკლებთ. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს 700 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი“, – აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატმა მიმდინარე კვირას ხელფასების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი იყო 900 ლარი, მაშინ როდესაც საშუალო ხელფასი 1,304 ლარს შეადგენდა. საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, რაც ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმატიკულია, მედიანური ხელფასი ასახავს ზუსტად მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.
“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.