Home დღის ამბები მანანა ბაზერაშვილის ერთი დღე

მანანა ბაზერაშვილის ერთი დღე

მანანა ბაზერაშვილი – “ა.ი.პ.ი თელავის სოციალური სახლი”-ს ხელმძღვანელი


“მადლობა უფალს! კიდევ ერთი გათენებული დღისთვის” – გაღვიძებისთანავე ეს სიტყვები გამიელვებს გონებაში.

საათის ისრები დილის 7 საათს უჩვენებს…

ალბათ ძილი არ მყოფნის, მაგრამ დროა ავდგე და შევეგებო ახალ დღეს, ახალი იმედებით, იმ სურვილებით, რომ დღეს ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ადამიანის ცხოვრებაში…..

აი ჩემი ორი საგანძურიც, მშვიდად სძინავთ. შუბლზე ვაკოცებ, თვალებით გადავსახავ პირჯვარს და გამეფიქრება – “ღმერთო ყველა დედას კარგად უმყოფე შვილები”. თან დროა გავემზადო და ჩემს მეორე დიდ ოჯახში წავიდე, რომელზე ფიქრიც აგერ უკვე 13 წელია ერთი წუთითაც არ მშორდება.
სამსახურისკენ მიმავალს ჩემი უბნის ძაღლები მაცილებენ. ძალიან მიყვარს ცხოველები… სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე სიყვარულით სავსე შემოძახილები გამომაფხიზლებს ფიქრებით გართულს….

“გამარჯობა ჩვენო მანანა როგო ხარ? ბალღები როგო გყავს? დღეს რა უნდა გვაჭამო?” (ტექსტს არ ვცვლი 🙂 ) ესენი  ჩემი დიდი ოჯახის წევრები არიან. მეც სიყვარულით ვუპასუხებ და თან მოვეფერები, იქვე ახლოს ჩამომჯდარი გივი ძია თბილად გამიღიმებს, მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა კიდევ რომ არ დაუკარგავს ჯენტლმენობა. წამოდგება ფეხზე, მოიხდის “ცილინდრს”, თავს დამიხრის და ისე მომესალმება. რამხელა სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა მის ასეთ ქმედებაში.

“ღმერთო, ნეტავ ვის როგორი სიბერე მოგველის?” – გამეფიქრება.
სამსახურში  მომღიმარი სახეებით მეგებებიან ჩემები… განა პრობლემები არ აქვთ? ან სადარდებელი? მაგრამ დარდსაც და ტკივილსაც გარეთ ტოვებენ და ისე შემოდიან ამ კედლებში…. ეს ის ადამიანები არიან ვისთან ერთადაც ამდენი წლის განმავლობაში გავიზიარე ტკივილიც და სიხარულიც.
სამზარეულოდან იწყება ჩემი სამუშაო დღე. პირველად პროდუქტის განაწილება იწყება, შემდეგ მათი დამუშავება. აქაც ჩართული ვარ, აბა როგორ? ყველაფერს უნდა სწვდებოდეს ჩემი ხელიც და თვალიც.

ამასობაში დარბაზიც ბენეფიციარებით ივსება. თვალი გამირბის და ვაკვირდები, ხომ გემრიელად და მადიანად შეექცევიან სადილს. სადილი გემრიელად უნდა იყოს მომზადებული. არ უნდა თქვან რომ უგემურია. დამშვიდებულს გული სიხარულით მევსება, როდესაც ვუყურებ მათ მადლიერ თვალებს… ანუ კიდევ ერთი დღეც წარმატებით ჩავატარე.

მალე ჩემი დამტარებლებიც ამზადებენ ჩაწოლილ ბენეფიციარებთან მისატან ულუფას და მათკენ გაეშურებიან.

“რამხელა მადლია ამ ადამიანების შრომა” – ჩემთვის გამეფიქრება. ისინი ხომ ამინდის მიუხედავად ერთგულად ემსახურებიან ისედაც ცხოვრებისგან გატანჯულ ადამიანებს. მომწოდებლებისგან მომავალი დღისთვის მოსამზადებელი პროდუქტიც შემოვიდა. ჩავიბარეთ, მივიწონეთ, ვადები შევამოწმეთ და უფროს მზარეულს გადავეცით დასამუშავებლად.

საქმეს რა გამოლევს? ჩემი ოთახისკენ გავდივარ. საბუთებთან მუშაობის დროა, რომელიც მეტად საპასუხისმგებლოა და დიდ გონებრივ მუშაობას მოითხოვს.

ამჯერად ტენდერზე ვმუშაობთ ახალი ინვენტარის შესაძენად. ახლად გარემონტებულ შენობაში გადავდივართ, სადაც ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რომ ჩვენ ბენეფიციარებს უკეთესი სერვისი შევთავაზოთ. დრო და დრო საქმეში გართულს კარს ბენეფიციარები შემომიხსნიან, ვერ ავუხსნი რამდენი საქმე მაქვს, უყვართ ჩემთან საუბარი და გულის გადაშლა …მე ხომ მათი მეგობარიც ვარ, დედაც, დაც, ძმაც და შვილიც.

პარალელურად საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თელავის სადროშოს საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელიც ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გარკვეული მცირედი წვლილი შემაქვს ამ მეტად საპატიო საქმეში.

მინდა რაც შეიძლება ბევრი საქმე მოვასწრო დღის განმავლობაში. დღე რაღაც ძალიან მალე მიჰქრის, არ მყოფნის დრო საქმის ბოლომდე მისაყვანად. ახლაღა მივხვდი სამუშაო საათები დასრულებულა, ისევ ჩემმა მარიამის ზარმა გამახსენა. მთელი დღე მელოდება, როდის დავბრუნდები სახლში და როდის ჩავიკრავ გულში.  სახლისკენ მივიჩქარი, ვიცი, რომ ჩემი “ფუმფულა” გოგო კიბესთან მელოდება. ახლა ზაფხულის არდადეგებია და ცოტნე და მარიამი სახლში არიან. აუცილებლად უნდა ჩავიბარო მთელი დღის განრიგი, რა გააკეთეს, როგორ მოიქცნენ და რა წაიკითხეს. ვცდილობ სახლის საქმეებს მალე მოვრჩე და საღამო მეგობრებთან გავატარო. ჩვენი შეხვედრები სიმღერებს და პოეზიას ეთმობა. ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ მათთან ერთად საღამოს გატარება შესანიშნავი განტვირთვაა.

საათის ისრები უკვე ღამის 1 საათს უჩვენებს და გამოვემშვიდობე ჩემს საყვარელ გოგოებს. მარიამი და ცოტნე დავაძინე და მეც ვწვები. დღევანდელი დღე თვალწინ კადრებად გადამეშლება. შევთხოვ უფალს ბედნიერი დილა გაგვითენოს ყველას – მტერსაც და მოკეთესაც და ამასობაში ჩამეძინება უზომოდ დაღლილს…..


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში