მალე შეიძლბა ვიყო სტუდენტის დედა…
პირველად როცა სკოლაში მივიდა მაშინ მასთან არ ვიყავი… როგორ მახსოვს ის ღამე ციხის ნარზე როცა ვფიქრობდი, რომ დილით მარიამი გამოპრნჭული ბანტით ჩემს სკოლაში წავიდოდა დედაჩემთან ერთად…
არა და როგორ გუშინდელი დღესავით მახსოვს ახლაც ჩემი 1 სექტემბერი, დედაჩემს ლილისფერი კაბა ეცვა, ქერად ჰქონდა შეღებილი თმა, ხელმოკიდებული წამიყვანა თელავის მესმე სკოლაში, ბოლო მერხზე დამსვეს ჩემი სიმაღლისა და დიდი ბანტის გამო სხვა ბავშვებისთვის რომ დაფა არ დამემალა…
მახსოვს როგორ ტიროდნენ ჩემი კლასელები დედები რომ საკლასო ოთახს ტოვებდნენ … მახსოვს ჩემი ჟუჟუნა მასწავლებელიც რომელიც მაშინ ღმერთი მეგონა…
და როგორ მინდოდა მეც ჩამეცვა ლილისფერი კაბა, მარიამისთვის მომეკიდა ხელი და ისე წამეყვანა თავის პირველ საკლასო ოთახში …
ეს ამბავი დამრჩა წარსულად და აუხდენელ ოცნებად…
მერე როცა მარი პირველად სკოლაში მივიდა ყოველ დღე ვურეკავდი ციხიდან … ასე ვისწავლეთ ერთად ციხის ტელეფონით დედა ენა…
მერე როცა დედა ენა ვისწავლეთ დავიწყეთ ერთმანეთან წერილების წერა…
მერე როცა მე სახლში დავბრუნდი ის გახდა ჩემი სტატიებისა და ბლოგების მთავარი კრიტიკოსი და გულშემატკივარი… ამასობაში 12 წელი გასულა და მარის უკვე გამოცდები აქვს წინ…
ახალი ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში… სულ სხვანაირი, თავისუფალი, საზღვრებსს გარეშე დარჩენილი, ლაღი და ყველაზე ფერადი…
ზეგ გამოცდა აქვს … გამოცდის წინ ბევრი შოკოლადი მთხოვა რად გინდათქო და თურმე გონებასა ხსნისო …
არა და მარი რომელსაც მე დედაენა ციხის ტელეფონიდან ვასწავლე, ყველაზე ჭკვიანი გოგოა, მშვიდი და ლამაზი. განსაკუთრებით გოგოების და ცხოველების უფლებები ადარდებს…
ხატავს და ბევრს წერს…. ან არქიტექტორი გამოვა ან ჟურნალისტი…
ახლა მარის აცვია ის ლამაზი ლილისფერი კაბა ოდესღაც რომ დედაჩემს ეცვა ჩემს 1 სექტემბერს…
ახლა მე ვეუბნები მარის რომ მთავარი ის კი არ არის უმაღლესში ჩასარიცხი ქულები დააგროვოს, მთავარია სჯეროდეს რომ ცხოვრება რთული მხოლოდ იმიტოა, რომ იყოს მეტად საინტერესო… ახლა მარი ფიქრობს ნეტა ჩავაბარებ ? მე კი ზუსტად ვიცი რომ მარიმ უკვე ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა, მან დამოუკიდებლად დედის გარეშე შეძლო წერაც და ხატვაც…
ჩემს მისაღებ გამოცდებზე მე დედაჩემი არ წავიყვანე …. არც მარიამთან ვგეგმავ გაყოლას… არა იმიტომ რომ ჩემი გული მასთან არ იქნება, არამედ იმიტომ რომ მას შეეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება და თავისი ემოციების მართვა…
და თუ იმ ქულებს ვერ დააგროვებს, ამაზე მხოლოდ ვიცინებთ და ბევრ ნაყინს შევჭამთ, იმიტომ რომ ცხოვრებაში სხვა უფრო საინტერესო ქულებიც არსებობს…
ასეთი უცნაური დედის შვილია მარი