Home დღის ამბები ეკონომიკა მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 105%-ით გაიზარდა – სად ვყიდით დენს

მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 105%-ით გაიზარდა – სად ვყიდით დენს

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაისთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1.46 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა. 2021 წლის მაისში გენერაცია 1.22 მილიარდი კვტ.სთ იყო. გამომუშავება თითქმის 30%-ითაა გაზრდილი მიმდინარე წლის აპრილთან შედარებითაც.

გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ.

წინა წლის აპრილთან შედარებით მხოლოდ 1.2%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება და 1.2 მილიარდ კვტ.სთ-ს აღწევს, წინა წლის აპრილში მოხმარება 1.19 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში იმპორტით აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მხოლოდ 9 მილიონი კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია შემოვიდა. იმპორტის შემცირება ზაფხულის პერიოდის დაწყებას და ჰესების გამომუშავების ზრდას უკავშირდება. მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით მაისში შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა 87.2%-ითაა შემცირებული, 2021 წლის შესაბამის პერიოდში კი იმპორტი თითქმის ანალოგიური იყო.

გენერაციის გაზრდამ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ელექტროენერგია ექსპორტზეც გაეტანა – მაისში ქვეყნიდან 269.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა გასაყიდად, რაც წინა წლის მაისის მაჩვენებელზე 105%-ით მეტია. აქედან, 80.6% – თურქეთში, 16.2% – სომხეთში და 3.2% კი აზერბაიჯანში გავიდა.