Home ბლოგი ლია მასწავლებელი

ლია მასწავლებელი

მუსიკამ, რომელიც ცხოვრების მეგზურად ავირჩიე, ბევრჯერ გამიადვილა ყოფნა.

ბავშვობიდან არ მიზიდავს ადვილი არც საქმე, არც წიგნი, არც ადამიანი.

ალბათ სწორედ ამის გამო ვაღმერთებ იოჰან სებასტიან ბახის სიღრმეს, მისი შემოქმედებიდან გამორჩეულად მომწონს – “Adagio”.

ზოგადად, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის მიმართ მაქვს მგრძნობიარე დამოკიდებულება, მაგრამ მძიმე როკი ჩემთვის უპირველესია, – რამშტაინის შემოქმედებას ვეტრფი!

სილაღისა და თავქარიანობის გამო იოზეფ ჰაიდნის მე-7 სონატაც ეთანხმება ჩემს ხასიათს.

საყვარელი მომღერლებიდან გოგი დოლიძეს და ჰამლეტ გონაშვილს გამოვარჩევ.

9-10 წლის ვიქნებოდი, ჩვენს დაბლა უკრაინელი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქალ-ვაჟი ჰყავდათ და გოგონა მუსიკალურ სკოლაში დადიოდა.

ყოველ დღე პიანინოზე უკრავდა ხოლმე, რომ დაიწყებდა მეცადინეობას, მაშინვე გავრბოდი მოსასმენად.

დედა ამჩნევდა ჩემს მისწრაფებას, მეზობლებმაც უთხრეს, ლიას აინტერესებს მუსიკა და ჯობია, ისწავლოს სკოლაშიო.

ასე შევაბიჯე მუსიკის გასაოცარ სამყაროში!

დედამ მირჩია და ბოლომდე გავყევი ოცნებას, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რადგან ხედავდა, რომ მუსიკასთან ერთად, გამორჩეულად მიყვარდნენ ბავშვები.

მუსიკა მუდამ ახერხებს ჩემს მხარდაჭერას!

აი, მაგალითად, ემიგრაციაში ყოფნის დროს, სტოკჰოლმში, პესიმისტური განწყობით სამსახურის ძიებისას, განცხადებების თვალიერების დროს, შემთხვევით შემომხვდა წერილი გოგონასგან, რომელსაც უნდოდა კლასიკური მუსიკის შესწავლა.

ერთმანეთი გავიცანით და გარკვეული ხნის განმავლობაში ჩემი სპეციალობით ვიმუშავე.

მუსიკის მოსმენა და ისნტრუმენტთან ურთიერთობა ისევ ისე მიყვარს, როგორც პატარა ლიას – ბავშვობაში.

ლია სამხარაძე 30 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა ვარდისუბნის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად, აქედან 10 წლის განმავლობაში იყო ამავე სკოლის დირექტორი და წლების განმავლობაში – საფორტეპიანო განყოფილების გამგე.

2003-2005 წლებში იყო ლაგოდეხის სოფლების კულტურის ცენტრების დირექტორი.

2024 წლიდან დღემდე არის ჩემი ევროპული სკოლის მუსიკის მასწავლებელი