Home დღის ამბები ლევან დავითაშვილი- “თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის...

ლევან დავითაშვილი- “თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით”

„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხით, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან.

თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით – ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას, მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება”- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა- ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით- თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, კონკურსში, რომელშიც 13 კომპანია მონაწილეობდა შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა.

ცნობისთვის, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.