თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლებმა სოფლის შესასვლელში გზა გადაკეტეს და კომპანია „ართანა ლოპოტას“ წარმომადგენლებს ხეობაში ტექნიკის შეყვანის და ჰესის მშენებლობის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილობრივების განცხადებით, გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა, რის გამოც კომპანიას ჰესის მშენებლობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილობრივების თქმით, მდინარე ლოპოტა რამდენიმე კილომეტრზე მილებში მოექცევა, რაც ეკოლოგიაზე, გეოლოგიაზე და არქეოლოგიაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ასევე, არ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი.
„ჩვენ მშვიდობიანად ვაპირებთ, რომ კომპანიას ხეობაში შესვლის უფლება არ მივცეთ, რადგან სამი თვის წინ, როდესაც მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ და უფლებას არ ვაძლევდით, შევთანხმდით, რომ ჯერ გეოლოგიურ და არქეოლოგიურ კვლევას ჩაატარებდნენ, მაგრამ ეს შეთანხმება დაარღვიეს და ახლა ტექნიკით და დაცვით მოგვადგნენ. ჩვენ ულტიმატუმს არ ვაყენებთ. ჩვენ ვითხოვთ, მშვიდობიანად გავიდნენ აქედან. არ გვინდა სოფელი ჰესის აშენებით განადგურდეს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს,“ – აცხადებენ ადგილობრივები.
კომპანიაში კი აღნიშნავენ, რომ მათ სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა აქვთ და ჰესის მშენებლობას უახლოს პერიოდში დაიწყებენ.
მათივე თქმით, მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და ჰესის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
საუბარია „ართანა ლოპოტას“ 5.9 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესზე, რომლის მშენებლობაც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ხეობაშია დაგეგმილი.