ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, საკანალიზაციო ჭის გათხრისას, სამი მეტრის სიღრმეში ქვევრი იპოვეს.
შემთხვევა ბერიაშვილების ოჯახში მოხდა, მათი თქმით- ქვევრს თავზე კლდის ნამტვრევი ქვა ეხურა, და როცა ჭას მძიმე ტექნიკით ჭრიდნენ, მტვრევის ხმა გაიგეს.
„უკვე შებინდებული იყო ტექნიკა რომ მუშაობდა. დღის სინათლე, რომ ყოფილიყო ალბათ ქვევრი არ დაიმტვრეოდა. შესაბამის სამსახურებს გავაგებინეთ, მოვიდნენ ნახეს და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში ადგილზე სპეციალისტები მოვლენ; დეტალურად შეისწავლიანო. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს ადრე ფეოდალური ხანის პერიოდის”,- აცხადებენ ბერიაშვილები.
როგორც ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, დავით ყვავაძემ განაცხადა, ქვევრის ნამტვრევებს შემდგომი შესწავლისთვის შეაგროვებენ. ყვავაძე ამ ეტაპზე, დაზუსტებით ვერ ამბობს, ქვევრის დამზადების სავარაუდო თარიღს.
შესწავლის შემდეგ ქვევრს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანენ.