ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე სალესავიხევი და შრომისხევი 60,000 კალმახის ქვირითით დათევზიანდა. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გამრავლებას და მდინარის ეკოსისტემის გაჯანსაღებას.
ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა მდინარეები დათევზიანდება.
კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც, ადამიანის მინიმალური ჩარევით, ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.
ქვირითი ხელოვნურად ნაყოფიერდება, შემდეგ მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა, რაც ოპტიმალურ პირობებს ქმნის ბუნებრივი გამრავლებისთვის.